მეგი დიასამიძეს ბრალი წარუდგინეს, მას „ოცნებისთვის“ 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავებიან

23 წლის სტუდენტსა და სამოქალაქო აქტივისტს, მეგი დიასამიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბანერის „დაზიანებისათვის“. პროკურატურის მტკიცებით, ზიანი 380 ლარია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროევროპული აქციების მონაწილეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 5 წლამდე.

9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, დემონსტრანტებმა კახა კალაძის საარჩევნო ბანერებს „რუსული ოცნება“ დააწერეს, ესროლეს კვერცხები და სითხე შეასხეს. საპროტესტო წარწერა მალევე წაშალეს, სავარაუდოდ, კალაძის შტაბის წევრებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგი დიასამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. როგორც „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროკურატურა გირაოს გამოყენებას მოითხოვს. 

უფლებადამცველების შეფასებით, მეგი დიასამიძის ქმედება დანაშაული არ არის. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თუ წარწერის მოშორება მართლაც 380 ლარი დაჯდა, „სამოქალაქო სარჩელი უნდა შეეტანათ მეგის წინააღმდეგ და მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება“.

„სამოქალაქო წესით დავის შემთხვევაშიც იქნებოდა თუ არა საქმე პერსპექტიული, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. პლაკატის მართლაც დაზიანებისათვის (თუ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია), ვინმე სისხლის სამართლის წესით დასჯილიყოს, მე არ მახსენდება.

დაახლოებით ანალოგიური შემთხვევა იყო 2010 წელს. ბუშის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძემ და რამდენიმე აქტივისტმა აქცია გამართეს. ქუჩისთვის ბუშის სახელის გადარქმევა მოითხოვეს და ბუშის ბანერს ულვაშები დაახატეს. მერია ამტკიცებდა, რომ პლაკატის გამოცვლა მოუწიათ და 2000 ლარამდე დაუჯდათ ახალი პლაკატის დამზადება. ამ თანხის ანაზღაურებისთვის მერიამ სამოქალაქო დავა დაიწყო. სისხლის წესით ბრალი არავისთვის ყოფილა წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსში 187-ე მუხლი მაშინაც იყო“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მოუწოდებდა, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაეწყო. ორგანიზაციის განცხადებით, ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც სრულად გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის. უფლებადამცველი ორგანიზაცია ბრალის აბსურდულობასა და აქტივისტის „სამაგალითოდ დასჯის“ პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.