მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა

ნიოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მღვდელმთავრის განმარტებით, ამ საკითხზე მას არავისთან უსაუბრია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, განიხილავს თუ არა საერთოდ თავის კანდიდატურას კენჭისყრისთვის, მეუფე ისაიამ უპასუხა: ამ საკითხზე მე არავისთან მისაუბრია. დამაზუსტებელ კითხვაზე კი მიტროპოლიტმა აღნიშნა: თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?“

მოგვიანებით მღვდელმთავარმა „ინტერპრესნიუსთანაც“ განმარტა, რომ კანდიდატების დასახელების ეტაპი ჯერ არ დამდგარა: „ჯერ შორი დროა არჩევნებამდე. ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად. ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას. დანარჩენს კი დრო გამოაჩენს.“

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მეუფე ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) გაავრცელა.

ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა მეუფეო, რომ თქვენ არსებობთ და ეს მაგალითი მიეცით ყველას... ჩუმად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მაგარი რამე გააკეთეთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

პარალელურად, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას ღიად დაუჭირა მხარი მოსაყდრეს და აღნიშნა, რომ „არც ერთ შემთხვევაში არ უშვებს სხვა ვარიანტს“.

ამ ეტაპზე კათოლიკოს-პატრიარქობის არც ერთი ოფიციალური კანდიდატი არ არსებობს. წესდების მიხედვით, პროცედურა შემდეგია: პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრე იწვევს სინოდს, სადაც წევრებს აქვთ უფლება დაასახელონ თითო კანდიდატი (მათ შორის საკუთარი თავიც). სინოდი კენჭისყრით არჩევს სამ კანდიდატს. შერჩეული სამი პირი წარედგინება გაფართოებულ კრებას, სადაც სინოდის 39 წევრი ხმათა უმრავლესობით (ნახევარზე მეტი) ირჩევს პატრიარქს.

კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის მიმართ რამდენიმე მკაცრი მოთხოვნა არსებობს. კანდიდატი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი მღვდელმთავარი, რომელსაც მიღებული აქვს საღვთისმეტყველო განათლება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა იყოს ბერი. მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცენზიც, კანდიდატი არ შეიძლება იყოს 40 წელზე უმცროსი და 70 წელზე უფროსი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეთაურობდა. პატრიარქი 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ამჟამად ეკლესიას მართავს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც პატრიარქობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატია. ილია II-მ ის მოსაყდრედ 2017 წელს დანიშნა. მოსაყდრეობას პატრიარქის არჩევნების დროს პრივილეგირებული სტატუსი არ აქვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.