სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმის სახით, დისტანციურად დაიკითხა ყოფილი მაღალჩინოსანი, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე. მან განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილ უფროსს თავად გადასცა მეწარმეებისგან ქრთამად აღებული ფული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ვინაიდან სასამართლო ლილუაშვილის საქმეს დახურულ რეჟიმში განიხილავს, მიქაუტაძის ჩვენების დეტალები მედიასთან პროკურორმა გაახმაურა.
„ერთ-ერთი პირია დაკითხული, რომელმაც ისაუბრა იმ დეტალებზე, თუ როგორ გამოართვა რომეო მიქაუტაძემ თანხა და როგორ „შეიფუთა“ ეს სახელმწიფოს ინტერესად. ანალოგიური ფრაზა გაიმეორა დღეს დაკითხულმა მოწმემაც [რომეო მიქაუტაძემ].
ანუ მათ ჩვენებებს შორის აბსოლუტური თანხვედრაა. რა თქმა უნდა, რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია იმისთვის, თუ კონკრეტულად ვისთან მიჰქონდა თანხა, თუმცა ეს „შეფუთა“ როგორც სახელმწიფო ინტერესი. მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი და ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მოახდინა ამ საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება და გადაცემა. რაც შეეხება თურქ ბიზნესმენს, ის საგამოძიებო მოქმედებების პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დასაკითხ პირთა სიაში კვლავ რჩება“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
პროკურორის განმარტებით, რომეო მიქაუტაძის დისტანციურად დაკითხვა თავად მოწმის სურვილი იყო.
„წარმოდგენილი იყო მოწმის განცხადება, სადაც ის უთითებდა, რომ სურდა, მისი დაკითხვა დისტანციურად მომხდარიყო. მიზეზი განცხადებაში მითითებული არ იყო, თუმცა ბრალდების მხარე ამ პოზიციას დაეთანხმა. პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც მე, ისე ადვოკატებსა და ბრალდებულს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოწმეებს კითხვები დაუსვან და პასუხები მიიღონ. დისტანციური დაკითხვის შემთხვევაში ეს უფლება ორივე მხარისთვის რეალიზებულია. ჩემთვის მთავარია, მოწმემ სიმართლე თქვას. მიაწვდის ის ამ ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც ყველა უსაფრთხოების ზომა დაცულია, თუ სასამართლო დარბაზიდან, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს ამ კატეგორიის საქმეზე, როდესაც ძალადობრივ დანაშაულზე არ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ბრალდების მხარემ მოწმის დაკითხვა სრულად დაასრულა. დაცვის მხარემ კი ითხოვა, რომეო მიქაუტაძე პირადად გამოეძახათ და დროის სიმცირის გამო სხდომის გადადება მოითხოვეს. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი ორშაბათს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს.
„ვხედავთ იმას, რომ შესაძლოა მასთან [რომეო მიქაუტაძესთან] მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ, ალბათ, საპროცესო შეთანხმებაც განხორციელდება, ნაცვლად იმისა, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მას ბრალი წარედგინოს.
რას ნიშნავს მოწმის მხრიდან საკუთარი თავის მხილება? რატომ უნდა უღირდეს მას, რომ სამართლებრივი მდგომარეობა დაუმძიმდეს და სასჯელის წლები გაეზარდოს? არცერთ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და ეს საქმის მასალებითაც დადასტურებულია“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
მისი თქმით, დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე შეეცდება მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გაბათილებას.
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება შემდეგ ეპიზოდებში:
პროკურატურის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში, ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, მან თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო, რათა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის გაფორმების ლობირება გაეწია.
2022 წლის თებერვალში, კვლავ მიქაუტაძის შუამავლობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 500 000 ლარი მოსთხოვა და გამოართვა.
2021-2023 წლებში ქოლ-ცენტრების მცირე ნაწილის მფარველი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, რომელმაც ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით, ქრთამის სახით დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
ლილუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, ის უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. განაჩენით მას კორუფციული გზით მოპოვებული ქონება (სახლები ესპანეთსა და მცხეთაში, სამი ავტომობილი, შპს „ნახიდურჰესის“ 15%-იანი წილი და ძვირფასეულობა) უნდა ჩამოერთვას.
