„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამს ნასამართლობა მოეხსნა. შეწყალებულთა შორის არიან პოლიტიკური პატიმრები: საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი და სხვა პირები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
20 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა. საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობდა. დაზარალებულად ცნობილმა სპეცრაზმელმა, ბექა გოტიაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაზიანება არ მიუღია.
4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი პროევროპული აქციების დროს დაკავებულ მუსიკოსს, 27 წლის დავით ხომერიკსაც. ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს, თამარაშვილის გამზირის მიმდებარედ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თითქოს ის გზის სავალ ნაწილს კეტავდა და პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. მოგვიანებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს, რაც გულისხმობს აფეთქების მომზადებას. პროკურატურის მტკიცებით, პოლიციელებმა დავით ხომერიკს ზურგჩანთაში უპოვეს რამდენიმე ბოთლი, რომელშიც „აალებადი ნივთიერება - სახეშეცვლილი დიზელი“ ესხა.
5 წელი ჰქონდა მისჯილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეს, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს. პროკურატურა მას მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რომლის ზიანიც ექსპერტიზის დასკვნით 500 ლარს არ აღემატებოდა.
22 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ხუტაშვილი და მუმლაძე ერთად მუშაობდნენ პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრით დაშორებულ რესტორან „ზოდიაქოში“. ისინი 2024 წლის დეკემბერში დააკავეს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით. ბრალდებულები მზად იყვნენ დაზიანებული კამერების ღირებულება, 12 100 ლარი აენაზღაურებინათ და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ. ამ მიზნით, ბრალიც აღიარეს. პროკურორმა დაადასტურა კიდეც, რომ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების საკითხზე მუშაობდა მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ბრალდებულებს უარი უთხრეს.
სიმონ მახარაძე, თორნიკე მჭედლიშვილი და ავთანდილ თოფჩიშვილი „4 ოქტომბრის“ საქმეზე იყვნენ დაპატიმრებულები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2026 წლის 21 ივლისს გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების სია. მასში შეყვანილი პირების დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება, ორგანიზაციის დასკვნით, აშკარად უკავშირდებოდა 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებში მათ მონაწილეობასა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას. სიაში სულ 91 პირია და დოკუმენტი არ არის საბოლოო ვერსია.
