ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, შეწყდეს ან შეჩერდეს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღება. წმინდა სინოდის წევრის განცხადებით, ეს „გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი“ საქართველოს საფრთხეს ააცილებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.

მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს.

პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, მდაბლად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით: თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის. მჯერა, თქვენ შეძლებთ დაძლიოთ პიროვნული წყენები! მჯერა თქვენი ქრისტიანული დიდსულოვნებისა!

ამ დიდმარხვაში, მოახლოებული ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის ზღურბლზე მყოფთ, ყველას გვმართებს ურთიერთმიტევება და მოყვასისათვის თავის დადება და არა პირიქით!“, - ნათქვამია მეუფე გრიგოლის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს საქართველოს წმინდა სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბაც (ინწკირველი) გამოეხმაურა. სასულიერო პირს დაუშვებლად მიაჩნია რაიმე გადაწყვეტილების მიღება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს „ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოყვეს ახალი კანოპროექტის მიღებას“.

17 აპრილს, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. რუსული კანონის მხარდამჭერი 83 დეპუტატიდან 73 „ქართული ოცნების“ წევრია, დანარჩენები კი მმართველი პარტიის სატელიტებს - „ხალხის ძალასა“ და „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენენ. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

მესამე დღეა თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებია. 16 აპრილს აქცია დაარბიეს - სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აქციის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა დაედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.  მოქალაქეები აცხადებენ, რომ აქციებზე გამოვლენ მანამ, ვიდრე რუსული კანონი გაწვეული არ იქნება. ისინი დაკავებულთა გათავისუფლებასაც ითხოვენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).