მკაცრი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული - პროკურორი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე

„მე, როგორც პროკურორს, მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედებისთვის მკაცრი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული. მკაცრი, რელევანტური უნდა იყოს ჩადენილ ქმედებასთან და ბრალდებულის თითოეულ ქმედებასთან, რაც დაწყებულია ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან, მის მიერ გამოხატულ ნებაში, მის პრინციპულობაში, გამიზნულად კანონის დარღვევაში, კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში, განჩინებით განსაზღვრული გარემოებების უგულებელყოფაში და იმ შედეგში, დღეს რაც დგას“, - განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 17 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომას არ დაესწრო. „მას არ სურს საბოლოო სიტყვით სარგებლობა. თანახმაა, უდავოდ გახდეს მტკიცებულებები. მისი არგამოცხადების მიზეზი სწორედ ისაა, რომ არ ენდობა სასამართლოს. მითხრა, სწორედ ამ მოსამართლემ დააპატიმრა ნიკა გვარამია და მე არ ვფიქრობ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანსო“, - ასე ახსნა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა პროცესზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის არმისვლა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საბოლოო სხდომა 23 ივნისისთვის გადადო. მან თქვა, რომ ბრალდებულს პროცესზე დასწრებისა და რეპლიკით სარგებლობის შანსს მისცემს.

მოგვიანებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი გავრცელდა, სადაც ის წერს, რომ სასამართლო სხდომაზე არც 23 ივნისს მივა.

„სასამართლო პროცესები იმიტომ არის საჭირო და მას იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშული თუ არა. მე არა მგონია, რომ ჩემთან მიმართებაში რამე იყოს გასარკვევი.

იმ დარბაზში თუ დერეფანში არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია ჩემთან მიმართებაში. სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ მე მას ზიანი მივაყენე. ამიტომ ეს სასამართლო ჩემზე არაა.

ეს სასამართლო ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება. ამ პროცესებზე ხალხი იმის სანახავად დადის, რომ ლაივში ნახოს - რას იზამს ჯვებე.

ჯვებემ კი სულ რაღაც 4-5 დღის წინ ჩემგან 3 საკნით დაშორებით ციხეში ჩასვა სრულიად უდანაშაულო ადამიანი. სადმე გარბოდა ნიკა გვარამია? თუ დანაშაული ჩაიდინა განმეორებით?

იგივე ჯვებემ, პოლიტიკური მოტივით დაჭერილ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც თავში გაურკვეველი სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და რომელსაც ტანზე დადასტურებულად ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, არ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება და ჩატოვა ციხეში.

ამიტომ არ მოვედი დღეს პროცესზე, ამიტომ არ მივალ არც 23-ში. ...მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს“, - წერს ჯაფარიძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზში დააპატიმრეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის განჩინებით. ჯაფარიძეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ ე.წ. დროებით საგამოძიებო კომისიაში (წულუკიანის კომისია) გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა.

ამავე მიზეზით დაპატიმრებულები არიან კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. რამდენიმე პოლიტიკოსმა გირაო გადაიხადა და მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.