„ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს თანხვედრაშია ჩვენს მიდგომებთან“, - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ღონისძიებაზე. რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი საგანელიძე დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„საქართველოში თქვენ უნდა გააკეთოთ, როგორც ამას აკეთებთ კიდეც, ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ბელარუსებსა და ქართველებს შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები და ისტორიის საერთო ფურცლები მყარი საფუძველია ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის აღდგენისთვის. კარგად იცით, რომ ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის იყო და რჩება ღია“, - თქვა ლუკაშენკომ, რომელიც 2022 წელს აფხაზეთში იმყოფებოდა, ხოლო 2023 წელს მინსკში მიიღო საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია.
გიორგი საგანელიძე ამბობს, რომ ელჩის მისიის შესრულებას „საუკეთესო განწყობით იწყებს“ და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს ოპტიმისტურად უყურებს.
„არსებობს ურთიერთგაგება, რომ ჩვენი ხალხები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, უნდა დავაახლოოთ, თანამშრომლობა განვავითაროთ. ჩვენ გვესმის, რომ მარტივი დრო არაა. შესაბამისად, უნდა ვიპოვოთ საერთო ენა და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იმ მიმართულებებით, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა. [...] მთავარია, რომ ჩვენს ქვეყნებში, ჩვენს რეგიონებში მშვიდობა იყოს“, - აღნიშნა დიპლომატმა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა საქართველო ბელორუსის მხრიდან უფრო მჭიდრო დიალოგის სურვილს, გიორგი საგანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა:
„რა თქმა უნდა. ეს არის ორმხრივი მოძრაობა. ნებისმიერ ურთიერთობაში ყოველთვის ასეა - საჭიროა ურთიერთობების შემდგომი განვითარება, თუ ეს სურს ორ ან მეტ მხარეს (თუ ჩვენ ვსაუბრობთ მრავალმხრივ ურთიერთობებზე). როგორც ბელორუსის, ისე საქართველოს ხელმძღვანელობას აქვს ასეთი სურვლი. ვფიქრობ, რომ თუ ძალიან შევეცდებით, ყველაფერი გამოვა“, - თქვა გიორგი საგანელიძემ.
საგანელიძე 2023 წლიდან ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.
