„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნის მიხედვით, არჩევნები ფუნდამენტურად ნაკლოვანი იყო საკანონმდებლო ჩარჩოსა და მარეგულირებელი პრაქტიკის გამო, რაც აფერხებდა ნამდვილ საარჩევნო კონკურენციას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, არჩევნების ნაკლოვანება განაპირობა მმართველი ძალის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებამ, სამოქალაქო საზოგადოების დევნამ, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლების შექმნამ, ამომრჩეველთა სისტემატურმა დაშინებამ და ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის ნაკლებობამ.
„საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში.
საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, მოქმედებდნენ როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ.
მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“, - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნებამდე, საკანონმდებლო ჩარჩოს შესაცვლელად, ხელისუფლებამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. რუსული კანონის მიღებამ და შემდეგ მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნამ, IRI-ის შეფასებით, იქონია მნიშვნელოვანი გავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რამაც გააჩინა დემოკრატიული უკუსვლის რისკები და გამოიწვია მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტები.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოჰყოფს: 1. არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; 2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება; 3. საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება; 4. არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.
არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება
პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხების შემოწმების ფუნქციების გადატანამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროზე, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა, შექმნა არასანდო გარემო, რომ ბიურო შეიძლება გამოყენებულიყო ოპოზიციური გაერთიანებების წინააღმდეგ.
საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილებებმა, რომლებიც პარტიებს უკრძალავდა იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღებასა და წინასაარჩევნო ბლოკების ფორმირებას, კანდიდატებს აიძულებდა საკუთარი პარტიების დატოვებას, ერთიან სიაში გაერთიანების შემთხვევაში. საჯარო დაფინანსების მისაღებად საჭირო ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით, ეს ცვლილებები მცირე პარტიებისთვის ასუსტებდა გაერთიანებისა და მანდატების ბრძოლის მოტივაციას.
მედიის რეგულაციების ისეთი განმარტებები, რომლებიც პარტიებს უფასო ეთერის მიწოდებას და უფასო ეთერის განაწილების ფორმულას უზღუდავდა, ოპოზიციურ პარტიებს უმცირებდა ამომრჩევლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. „ქართული ოცნება“, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობით სარგებლობდა, გავლენას ახდენდა რამდენიმე მედიასაშუალებაზე, რათა დაეკავებინა გაბატონებული მდგომარეობა პოლიტიკურ ნარატივში.
მმართველი პარტია ასევე იყენებდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს საპარლამენტო კანდიდატების პოპულარიზაციისთვის. ამასთან, სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის საკუთარ პარტიულ აქციებზე დასასწრებად, რითაც მომეტებული ზეწოლა ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე, რომ ჩართულიყვნენ პარტიულ აქტივობებში.
გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია მოქალაქეების მონაცემების შესაგროვებლად, სავარაუდოდ, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, რაც არღვევდა ამომრჩეველთა კონფიდენციალურობას. ამგვარი სამთავრობო ქმედებები ქმნიდა არათანაბარ პირობებს და არღვევდა არჩევნების სამართლიანობას.
სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება
წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულრეგიონებში. ინსტიტუციურიდაცვის არაეფექტიანობამ საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების შესაძლებლობას გამოეყენებინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დაშინების ტაქტიკა, როგორიცაა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების იძულებითი მოპოვება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე სერიოზული ტექნიკური პრობლემების გარეშე ჩატარდა, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში. ამ ფაქტორებმა შეარყია ნდობა საარჩევნო პროცესის და ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებების დაცვის მიმართ.
საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა. როგორიც იყო მაგალითად ოპოზიციის მიერ ნომინირებული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნა და შიდა კენჭისყრის ბარიერების შემცირება, რამაც გაზარდა ცესკოს მიკერძოების ეჭვი.
გარდა ამისა, ცესკოს სადავო დადგენილებამ, რომელიც საარჩევნო უბნის წევრების დანიშვნას ერთი კვირით ადრე ითვალისწინებდა და რომელსაც სასამართლომ მხარი დაუჭირა, მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიას აძლევდა პროცესებზე ზეგავლენის შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა.
საგამოძიებო ორგანოების არასაკმარისი რეაგირება, მიკერძოებული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტის არასაკმარისი მექანიზმებმა კიდევ უფრო შეამცირა პროცესისადმი ნდობა და წვლილი შეიტანა საარჩევნო შედეგების უარყოფაში.
არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა
წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა. დაკვირვებით გამოვლინდა ამომრჩეველთა იძულებისა და შედეგებზე მანიპულირების რთული ტაქტიკის მთელი სპექტრი. მათ შორის იყო მზაკვრული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებას, მათზე ზეწოლას, თვალთვალსა და ხმის ფარულობის დარღვევას ისახავდა მიზნად.
ამ ყველაფერს ემატებოდა არჩევნების დღეს განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც მოიცავდა ამომრჩევლებზე თვალთვალის კოორდინირებულ მცდელობებს, იძულებას, ხმების ყიდვას, ე.წ. „კარუსელს,“ ბიულეტენის ფარულობის დარღვევას, მარკირების პროცედურაში ჩარევასა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნას.
საარჩევნო დავების მოგვარების არაეფექტიანმა მექანიზმებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არჩევნების შემდეგ გრძელვადიან არასტაბილურობაში გადაიზარდა. დემოკრატიული პრინციპი, რომ საზოგადოებამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის სტაბილურობისა და ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე.
IRI-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც წარმოიშვა არჩევნების შედეგად. ორგანიზაციის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს საარჩევნო ადმინისტრაციის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას; ხელს შეუწყობს მედიის თავისუფლებას, უფრო ინკლუზიური და ღია პოლიტიკური გარემოს შექმნას.
„ამ გამოწვევების გადაჭრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული პროგრესის, ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის და საბოლოოდ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები იყოს ხალხის ნების ნამდვილი გამოხატულება“, - ნათქვამია ანგარიშში.