„მოამბის“ წამყვანმა ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღემდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა ფართოდ არ ისმოდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეა. ჟურნალისტმა ამის შესახებ განცხადება სპეციალური ეთერის მიმდინარეობისას გააკეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არაჩვეულებრივი ეთერი გამოვიდა. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისმის საზოგადოების ფაქრთო სპექტის ხმა. ეს არის ის ეთერი, როგორიც უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. არაჩვეულებრივი ეთერია, თუმცა ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას.

ის, თუ რატომ არ პასუხობს დღეს ახალი და მიმდინარე ამბების სარედაქციო პოლიტიკა იმ მოთხოვნას, რაც საზოგადოებაშია, ამის ახსნაც ბევრია. მათ შორის,

ერთ-ერთი ახსნა არის ის, რომ საზოგადოებამ დაუშვა ის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა თანამდებობა, საქართველოს პარლამენტმა სრულიად ლეგიტიმურად და კანონის დაცვით აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე.

ის თუ რატომ არ ისმოდა აქამდე საზოგადოების ხმა ფართოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არის მათ შორის საზოგადოების ბრალი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ყურადღებას არ აქცევს. როგორც კი საზოგადოება მოადუნებს ყურადღებას „პირველი არხის“ მიმართ, ეს არხი ყოველთვის იყო, არის და სამწუხაროდ, იქნება ხელისუფლების ინტერესი. ასე თუ ისე, ძალით თუ არა ძალით, ხელისუფლება და ძალაუფლება ყოველთვის მოახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას თქვენს არხზე, საზოგადოებრივ არხზე“, - მიმართა მაყურებელს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის კითხვაზე, ჰქონია თუ არა მას პრობლემა, ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „იმასთან, რაც ეთერში გადის  - კი“.   

დღეს, 30 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა არხის სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკეს, პროპაგანდის გავრცელება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების არაობიექტურად გაშუქება გააპროტესტეს. მათ პირდაპირი ეთერი, არხის გენერალური დირექტორის, თინათის ბერძენიშვილის და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა მოითხოვეს. აქციის შედეგად, პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა პირდაპირი ეთერი მიიღეს, რომელიც 20:00 საათიდან მიმდინარეობს. მას თინათინ ბერძენიშვილი უძღვება.

„თქვენ უნდა გადადგეთ და ვიდრე გადადგებით, ახლავე, პირდაპირ ეთერში უნდა მოგვცეთ პირობა, რომ ქართული საზოგადოება ყოველდღიურად მოვა აქ და ყოველდღიურად ექნება ეთერი“, - მიმართა ბერძენიშვილს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

ბუღაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ყოველდღე გაიმართება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.