მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს

ზურაბ დათუნაშვილს, რომელიც რამდენიმე წელი სერბეთის სახელით ასპარეზობდა, 2021 წლის 27 მაისიდან მიღწეული ყველა შედეგი გაუუქმდა, მათ შორის, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაო და 2021-2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საერთაშორისო ტესტირების სააგენტო (ITA) იუწყება, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სპორტსმენის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის სასამართლოს ანტიდოპინგური განყოფილების 2024 წლის 19 სექტემბერის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

ზურაბ დათუნაშვილს საერთაშორისო ტესტირების სააგენტო ანტიდოპინგური წესების დარღვევის ორ ეპიზოდს ედავებოდა: 2021 წლის 27 მაისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდში, შარდის ჩანაცვლებას და 2022 წლის 6 იანვარს, შეჯიბრების გარეშე დოპინგ-კონტროლის ჩავარდნის გასამართლებლად, მტკიცებულების სახით ყალბი ვიდეოს მომზადებას და გამოყენებას.

2024 წლის 19 სექტემბერს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურმა განყოფილებამ ზურაბ დათუნაშვილს სანქციის სახით 5 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. გარდა ამისა, გააუქმა სპორტსმენის მიერ 2021 წლის 27 მაისიდან 2023 წლის 11 აპრილამდე მიღწეული ყველა შედეგი.

საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 17 ნოემბერს, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ სპორტსმენის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

დათუნაშვილისთვის მიცემული ხუთწლიანი დისკვალიფიკაციის პერიოდი 2028 წელს ამოიწურება. თუმცა, მოჭიდავემ კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს 2012-2016 წლებში წარმოადგენდა. ის ნაკრების კაპიტანი იყო და საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.

დათუნაშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაუპირისპირდა და მასზე ფიზიკურად იძალადა. დათუნაშვილი გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა.

2020 წლიდან ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ასპარეზობდა. 2021 წელს ოსლოში, ხოლო 2022 წელს ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ოქროს მედლები მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა. ის ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ პარტიას, „ახალს“ შეუერთდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.