„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენება უკანონო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
„დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აღნიშნულის შესახებ 2025 წლის 28 იანვარს შეკითხვით მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობია, მათ შორის, იმ ექიმებისთვისაც, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ.
საიამ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომელმაც 19 თებერვალს გვიპასუხა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, „საჭიროების არარსებობის გამო“, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქიმიურ გამაღიზიანებლებს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლში ურევდა. გაზის გამოყენებისას, ხშირად, აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას, პოლიცია გასასვლელებსაც ბლოკავდა. ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილზეც, რაც აკრძალული პრაქტიკაა. ასევე, მოულოდნელად, მჭიდროდ მდგარი ხალხის მასებში, რაც ჭყლეტის საშიშროებას ქმნიდა. გაზის კაფსულებს მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ და შენობის სახურავებიდანაც აგდებდნენ.

„ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენება უკანონოდ ხდებოდა და, რიგ შემთხვევებში, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას. მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად მსგავს უკანონო და საფრთხის შემცველ მეთოდებს მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ.
დაზარალებულების მონათხრობით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ცრემლსადენი გაზი ბევრად უფრო მაღალი ინტენსივობის ტკივილსა და სიმპტომებს იწვევდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების პერიოდში.
ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულების ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა და მკურნალობა დასჭირდათ.
„ჩემს შემთხვევაში მწვავე შედეგები გამოვლინდა ცოტა გვიან და პიკს მიაღწია ამ დღეებში, თუმცა სიმპტომები მაშინვე, დეკემბერში სახეზე იყო. დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია სისხლის ანალიზში თრომბოციტების მკვეთრი ვარდნის გამო. სიმპტომები იყო ძირითადად ძლიერი სისუსტე, სისხლჩაქცევები და წითელი წინწკლები კანზე, ჭრილობებიდან გადაჭარბებული სისხლდენა. დროულად ვერ მოვახერხე ექიმთან მისვლა და შედეგად, ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, საბედნიეროდ, მკურნალობას დაექვემდებარა და უკეთ ვარ. ვინც აქციებზე იყავით გაზის გაშვების დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ყურადღებით იყავით.
სისხლში თრომბოციტების მკვეთრმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა არა მხოლოდ კანზე, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, მათ შორის, ტვინში და დამთავრდეს ლეტალურად.
ხალხი სასიკვდილოდ დაგვწამლეს და ისე გაგვძარცვეს, რომ მკურნალობის ფულიც აღარ დაგვიტოვეს“, - წერს ერთ-ერთი დაზარალებული მომიტინგე ნინო ხარჩილავა.
ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რამდენმა დაზარალებულმა დემონსტრანტმა მიმართა კლინიკებს დახმარებისთვის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის დღეებში.
