გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა ადგილობრივ საქმოქალაქო აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეონა ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რაჟდენ კუპრაშვილი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
თეონა ფანქველაშვილის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ეჭვი, რომ ის და თეონა ბზიშვილი სამოქალაქო მოძრაობების - „ფარის“ და „ერთობის“ წევრები არიან და „ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი აქვთ“.
„არცერთი არ წარმოვადგენთ ამ ორგანიზაციებს. არცერთი ჩემი საჯარო გამოსვლა მსგავსი შინაარსის არ ყოფილა. უფრო მეტიც, მე არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და მგონი, ეს დანაშაული არ არის. ვარ სამოქალაქო აქტივისტი“, - ამბობს ფანქველაშვილი.
მოსამართლე გერგაულმა ანტიკორფუციული ბიუროს მოთხოვნა ზეპირი მოსმენით განიხილა და არ დააკმაყოფილა.
აქტივისტების ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავს. მისი თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიჩნია, რომ თეონა ფანქველაშვილი და თეონა ბზიშვილი „გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან.
„თუმცა, სასამართლომ აბსოლუტურად ცხადად განმარტა, რომ გაცხადებული პოლიტიკური მიზნის სუბიექტის განმარტებაში აუცილებელია არსებობდეს ორი პირობა: ერთი, რომ პოლიტიკური განცხადებები ჰქონდეს გაკეთებული ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ და ამასთან, აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოხატული კონკრეტულ პირს არჩევნების გზით ამა თუ იმ თანამდებობაზე არჩევის სურვილი. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად, ბატონი რაჟდენის ბიურო ვერ წარადგენდა სასამართლოში, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და უარი უთხრა ანტიკორუფციულს იმ უსაფუძვლო მოთხოვნებზე, რომელიც უწყებამ წარადგინა სასამართლოში“.
ალექსი მერებაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს „სრულ წვდომას საბანკო ანგარიშების ყველა ტრანზაქციაზე“, რომელიც აქტივისტებს ბოლო ორი წლის განმავლობაში აქვთ განხორციელებული.
„ფაქტია, რომ ბიურო ფიქრობს, მას შეუძლია ნებისმიერი მოქალაქის ინფორმაცია გამოითხოვოს ამ საფუძვლით და სამწუხაროდ, თუკი, რომელიმე სასამართლოში არ შეგვხვდება ისეთი კეთილსინდისიერი მოსამართლე, როგორიც ნინო გერგაულია, ბიუროს წვდომა ექნება ჩვენს საბანკო ანგარიშებზე“, - აღნიშნა მერებაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიურო იმავე სარჩელით კიდევ ერთი აქტივისტის, ლუკა ხიზაძის საბანკო ანგარიშებზე წვდომასაც ითხოვდა.
ნინო გერგაული გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა 2009 წლიდან. 2019 წლის ოქტომბერში ის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან დააკმაყოფილა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას მე-15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.
