ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. დათაშვილი რუსთავში მდებარე ქალთა ციხეს დღესვე, გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გირაოს გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. პროცესის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში ბრალდების მხარე აღნიშნავდა, რომ ბრალდებულს „ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა“.

დაცვის მხარის შეფასებით, პროკურატურის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, რადგან ნინო დათაშვილის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

„მიუხედავად იმისა, რომ ციხე ცდილობდა, ნინო დათაშვილისთვის გარკვეული სამედიცინო სერვისები მიეწოდებინა, ეს არ იყო ეფექტური და შედეგიანი, რადგან მკურნალობის პირობებში, ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან დამძიმდა ნინოს მდგომარეობა. მას ფაქტობრივად გადაადგილება აღარ შეუძლია. სახელმწიფოს სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა დარჩენილი. ეს [გირაოს გამოყენება] პროკურატურის შუამდგომლობა იყო - ჩემი შეფასებით, დაგვიანებული, რადგან ნინოს მიადგა გამოუსწორებელი ზიანი და ამაზე პასუხისმგელობა პროკურატურას ეკისრება“, – განაცხადა ადვოკატმა თამარ გაბოძემ.

ნინო დათაშვილმა სასამართლოში მისვლა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. ის პროცესზე დისტანციურად ჩაერთო.

გუშინ, 28 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი ადვოკატებმა რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს. „მან, პრაქტიკულად, ჩვენთან კომუნიკაციაც კი ვერ შეძლო, ვერ მოაწერა ხელი დოკუმენტებს. ის ეტლით გადაადგილდება, კისერს საერთოდ ვერ ამოძრავებს. საუბარი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობაზე. აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე“, – თქვა ადვოკატმა ელისო რუხაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ადვოკატები ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივ გათავიოსუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ციხეში გატარებული პერიოდის შემდეგ, დათაშვილს ერთის ნაცვლად, ორი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სჭირდება კისრისა და წელის მალებზე.

სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ინიციდენტის გამო დააკავეს. მას ბრალად მანდატურებზე თავდასხმა ედება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დათაშვილი თავად გახდა მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.