სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და პროდასავლურ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლისთავზე, თბილისში საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„26 ოქტომბერს, 19:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას“, - განაცხადეს დღეს, პარლამენტის წინ შეკრებილებმა.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა - ღირსებით წაყვანას დაპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა“.
„საქართველოში ბრძოლა მიდის არა ივანიშვილსა და ოპოზიციას, არამედ რუსული ყაიდის ავტოკრატიასა და დემოკრატიას, საბჭოთა წარსულსა და თავისუფალ მომავალს, ერთი კაცის ახირებებს მორგებულ, ოლიგარქიულ მმართველობას და ქართულ საზოგადოებას შორის. ამ ბრძოლაში გამარჯვების პოტენციალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულ, პრინციპულ, არაძალადობრივ სახალხო წინააღმდეგობას, რომელიც აშკარაა, რომ არა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის სისტემურ გადატვირთვას, დემოკრატიზაციას და საზოგადოების ინტერესების სამსახურში ჩაყენებას ითხოვს.
სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და ღირსეული, ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ვინც იცით, რომ მხოლოდ დემოკრატიული ერთობით, ნებისყოფით, სიმტკიცითა და თანმიმდევრულობით შევძლებთ ეროვნული ამოცანების მიღწევას, შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე და პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ისევ ძალიან ბევრნი ვართ, ისევ არ ვთმობთ და ისევ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე“, - განაცხადეს მსვლელობის ორგანიზატორებმა.
მსვლელობას უერთდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მისი და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთობლივი განცხადება მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ წაიკითხა:
„26 ოქტომბერს ერთი წელი გახდება, რაც ივანიშვილის პარტიამ პირდაპირ გვითხრა, რომ ის არათუ ღირსებით აპირებს ევროპისკენ სვლას, არამედ გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლების სამუდამოდ მიტაცება, რათა ჩვენი ქვეყანა კორუმპირებული შემოსავლის და უსაზღვრო ძალაუფლების რესურსად გადააქციოს - ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება.
მან მოატყუა საკუთარი ამომრჩეველიც და უარი თქვა, დამორჩილებოდა ხალხის ნებას, დაეთმო ძალაუფლება დემოკრატიული, მრავალპარტიული კოალიციისთვის. მას შემდეგ ის საკუთარ მოქალაქეებს სიცრუით, მოსყიდვითა და ძალადობით უპირისპირდება, რადგანაც არარ დარჩა არც დემოკრატიული, არც საერთაშორისო და არც ლეგგიტიმური უფლება, მართოს ეს სახელმწიფო.
მისი იმედია, რომ ჩვენ დავიღლებით, შევშინდებით, იმედს დავკარგავთ, დავნებდებით და ამ დიდ ბრძოლას შევწყვეტთ. გასული 318 დღის განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ ვაჩვენეთ ასევე, რომ ივანიშვილის დაჯგუფება ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ერთი წლის წინ. მომავალში ის კიდევ უფრო დასუსტდება.
ჩვენი გაუტეხელობის, სოლიდარობის და სიმამაცის დასტურად, ყველას, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ყველანი, ვინც იაზრებთ, რომ მხოლოდ ნებისყოფით, სიმტკიცით და თანმიმდევრულობით შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს, მიტაცებული არჩევნების ერთი წლისთავზე, 19:00 საათზე და რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე ჩვენი მსვლელობით ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ აქ ვართ და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე!“.
320-ე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნბისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
