მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვის 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება - მდინარაძე

„ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ წარადგინა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მდინარაძის თქმით, კანონში შემოვა ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის ცნება და სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე გასაღებისთვის.

გაუთანაბრდება, პრაქტიკულად, სასჯელი მკვლელობას, რადგან მკვლელობის შემთხვევაში თუ ერთ ადამიანს კლავ, დროთა განმავლობაში განგრძობადად კლავ ბევრ ადამიანს, როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას ყიდი. ამიტომ ეს ჩვენ მიერ განხილულია, როგორც მკვლელობა, ოღონდ მასობრივი და სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეუწყნარებელი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი მიმართულებები გამოყო:

  • „ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება;
  • „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი;
  • ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითიც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
  • 2025 წლის პირველი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები“.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება.

„მას შეეთავაზება, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება, რვა საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა.

უარის თქმა გამოიწვევს ცალკე ადმინისტრაციულ სახდელებს, ოღონდ იმავე სახის. თუ უარს განაცხადებთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გიდასტურდებათ ნარკომოხმარება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარი ნებით იღებთ ადმინისტრაციულ სახდელს, ოღონდ ეს სახდელი იქნება იგივე, რაც იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება“, - თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცვლილებები გამკაცრების მიმართულებით შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის სხვა შესაბამის ნორმებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.