მზია ამაღლობელის ადვოკატი: „ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“

ადვოკატი მაია მწარიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას ამბობს, რომ „სამართლებრივად ერთნაირად უსამართლო და უკანონოა“ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებოდა, თუ 4 წლით.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სისტემამ საკუთარი თავის გადარჩენაზე იმუშავა. ამ კვალიფიკაციით, მათ საკუთარი თავი გადაარჩინეს სწორედ ამხელა საზოგადოებრივი ზეწოლისგან. ამ ქვეყანაში ყველამ გაიგო, ვინც სამართალი იცის თუ არ იცის, რომ ის, რაც მზიას ბრალად ჰქონდა შერაცხული არ არის თავდასხმა პოლიციელზე. მოუწიათ მათ ამის აღიარება, თუმცა, 353-ე მუხლი ისეთივე სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან მათთან პოლიტიკური, ღირებულებითი არათავსებადობის გამო და სწორედ იმიტომ, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, 2-წლიანი პატიმრობის გამოყენება „ყველას ბრძოლის შედეგია, მაგრამ ეს არ არის სამართალი“

„7 თვით თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი აქვს, საკმარისი არ არის? სასამართლოს შეეძლო ჯარიმის გამოყენება და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება, ან შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც ყველაზე მთავარია და რაც სასამართლომ არ გააკეთა“, - თქვა მწარიაშვილმა.

დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა.

მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. ამის მიუხედავად, ნინო სახელაშვილმა ჯარიმა არ გამოიყენა.

ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მზია ამაღლობელი თითქმის შვიდი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სასამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

ამაღლობელმა უარი თქვა პოკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე „იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.