ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, ჟურნალისტებმა მოძრაობა დააფუძნეს. ამის შესახებ ტელეკომპანიების „პირველის“, „ფორმულას“ და „კავკასიის“ სპეციალურ საერთო ეთერში განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის პოზიციიდან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„ჩვენი კოლეგა არის სინდისის პატიმარი, მას ებრძვის სისტემის ყველა მანქანა ერთდროულად. მის დაკავებას ჩვენ, ჟურნალისტები, დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები განვიხილავთ თავდასხმად სიტყვის თავისუფლებაზე, მისი გაგუდვის, მოთვინიერების მცდელობად. სწორედ ამიტომ, აქ შეკრებილი ადამიანები და არაერთი სხვა კოლეგა, რომელიც სტუდიამ ვერ დაიტია, ვაფუძნებთ მოძრაობას მზიას თავისუფლებისთვის.
მასში გაერთიანებული ადამიანები მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
ჩვენი მოძრაობა არ შეეგუება ჟურნალისტის ტყვეობას და გამოიყენებს ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პლატფორმას მზიას თავისუფლებისთვის“, - თქვა ნინო ზაუტაშვილმა.
სამი ტელევიზიის სპეციალურ ეთერში ერთდროულად გავიდა „საქართველოს ამბების“ ფილმი - ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მძიმე და რთული პერიოდი, განსაკუთრებით თავისუფალი მედიისთვის, როგორიც ახლა გვაქვს.
არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მარამ ვიცი, რა არის დღეს - ერთ-ერთი ჩვენგანი ახლა ციხეშია, რაც კომუნისტების შემდეგ საქართველოში არ მომხდარა. მზია დაპატიმრებულია ქმედებისთვის, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დანაშაული არ არის საერთოდ. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მას ეწოდოს, ეს არის შეურაცხყოფა, სამართალდარღვევა და არა დანაშაული და ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ამ ქმედებისთვის, მონდომებულმა, შურისძიების წყურვილით სავსე ხელისუფლებამ დაგაკისროს, არის ჯარიმა ან რამდენიმე დღით დაკავება. რამდენიმე დღით და არა 4 თვით უკვე და მითუფრო, 7 წლამდე პატიმრობით.
რატომ სჯიან მზიას - ამაზე ფილმშიც ვილაპარაკეთ, მაგრამ მზიას დატყვევება ნაწილია „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი პოლიტიკის, რასაც ის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ატარებს. ივანიშვილის კომისრებმა ჩვენი დამორჩილება არაერთხელ და სხვადასხვა გზით სცადეს, მათ შორის, ჯერ კიდევ 2 წლის წინ შემოტანილი რუსული კანონით, მაგრამ, ამას დღემდე ვერ მიაღწიეს.
ჩვენ ვეუბნებით ივანიშვილს და მის ადმინისტრატორებს, არ დაგითმობთ მზიას, არ დაგითმოთ თავისუფლებას, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის! ჟურნალისტების მოძრაობა დაგეგმავს მთელ რიგ აქტივობებსა და ღონისძიებებს ტყვეობიდან მზიას გამოსახსნელად“, - განაცხადა „საქართველოს ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღძრეს. „ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
