„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც ხუთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია, მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა 23 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„კლინიკა „ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად,
მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში შეუმცირდა მხედველობა და 10%-მდე ჩამოვიდა. სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ფორმა 100-ით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას შანსი 90 %-მდე გაეზარდა. ახლა ამის შანსი აღარ აქვს. ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0,04 %.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის გარჩევადობა ფაქტობრივად, სინათლე-სიბნელის ტოლია“, - განაცხადა ადვოკატმა.
ფორმა 100-ის მიხედვით, რომელიც მზია ამაღლობელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდეა გაცემული, ის მარჯვენა თვალიდან ხედავდა 30%-ს (სათვალით შეეძლო 90%-მდე გაეუმჯობესებინა). მარცხენა თვალით ხედავდა 2%-ს (სათვალით შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო 8%-მდე).
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს. პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
23 ივნისს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც განიხილა და ჟურნალისტი ისევ უკანონო პატიმრობაში დატოვა.
„ყველა ჯერზე მაქვს რაღაც პროფესიული მოლოდინი, რომ ადამიანი ამას უკვე ვეღარ იზამს, აი, ამას ვეღარ დაძლევს, ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, მაგრამ ყველა ჯერზე იმედგაცრუებული ვარ. სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ყველა სასამართლო ამ ქვეყანაში და დატოვა მზია ამაღლობელი პატიმრობაში.
მე გამახსენდა ასლან აბაშიძე, რომელსაც ჰყავდა ტყვე და არაფრის ძალით არ უშვებდა, აი, ასეთი ტყვეა მზია ამაღლობელი.
მოსამართლემ თქვა, ამ კატეგორიის საქმეებზე პატიმრობის გადაწყვეტილებას ვიღებთო, ეს არის სამართლებრივად უდიდესი აბსურდი, იმიტომ, რომ აღკვეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა დანაშაულს, ბათუმის საქმეა იმავე კვალიფიკაციით, სადაც ბრალდებული გირაოთი ჰყავთ გაშვებული“, - განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა 4 ივლისს გაგრძელდება, მომდევნო სხდომები 14, 21 და 28 ივლისს არის ჩანიშნული.
ნახეთ „საქართველოს ამბების“ ფილმი - ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე
