ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი ხელის მოტეხვას ცდილობდა - სხვიტარიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე, რომელიც 6 დეკემბერს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ჰყვება, როგორ სცემეს დიღმის მთავარ სამმართველოში მიყვანის შემდეგ. რუსთავის ციხიდან გავრცელებული წერილის მიხედვით, მას აიძულებდნენ ეთქვა, თითქოსდა, პოლიციელზე იძალადა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სხვიტარიძე იხსენებს, რომ საპატრულო პოლიციამ ზესტაფონის გზაზე, ღამის პირველ-ორ საათზე აიყვანა მაშინ, როდესაც მამასთან ერთად გადაადგილდებოდა.

„საპატრულო პოლიციამ მომთხოვა მანქანიდან გადმოსვლა, რასაც დავემორჩილე, მერე დამადეს ხელბორკილი. მოვითხოვე განემარტათ, თუ რატომ მაკავებდნენ და მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, სულ რამდენიმე წამით ჩართეს კამერა და ისევ გამორთეს. კითხვაზე, თუ რაზე მაკავებდნენ მიპასუხეს, რომ სხვები მეტყოდნენ. როდესაც მამაჩემს ვუთხარი, ჩემს ადვოკატთან დაერეკა, ტელეფონი ჩამოართვეს. რა თქმა უნდა, პასუხი დაკავების მიზეზის შესახებ ვერ მივიღე. ჩამსვეს მანქანაში და დაიძრნენ თბილისის მიმართულებით. დაახლოებით გორთან, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურთან დაგხვდა შავი ოპერატიული მანქანა და იქ გადამცეს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს“, - წერს საბა სხვიტარიძე წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

პატიმრის თქმით, თბილისის მთავარ სამმართველოსთან ბორკილები მომხსნეს, უთხრეს, რომ დაკავებული არ იყო და იქ მოწმის სტატუსით მიიყვანეს. ამის შემდეგ მას საშვი გაუფორმეს და მე-5 სართულზე აიყვანეს.

„ყველაფერი აქედან დაიწყო. ერთ-ერთის კაბინეტში შემიყვანეს და მეუბნებოდნენ, რომ „პოლიციელზე ძალადობა არავის შერჩება“, რაზეც ვუთხარი, რომ მე პოლიციელზე არ მიძალადია. ამის პასუხად მითხრეს, რომ მალე გავერკვეოდი ვისზე ვიძალადე და ვისზე არა და დაუძახეს ვიღაც ნიღბიანებს.

შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა. მირტყამდნენ გვერდებში და თავში. ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხვას ცდილობდა. ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი. პერიოდულად გონებას ვკარგავდი.

რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი. მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები“ არიანო, ამ ქალაქში ასე „პროფესიონალურად’“ საქმეს არავინ ასრულებსო. როცა ვითხოვდი სასწრაფოს, ირონიით მიმეორებდნენ, გზაშიაო.

რომ მორჩნენ თავიანთ საქმეს, გადამაბარეს 3 თანამშრომელს, რომლებმაც ამიყვანეს მე-8 სართულზე. ჯერ შემიყვანეს უფროსის ოთახში, სადაც სამნი ისხდნენ, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მითხრეს, რომ ჩვენებას დავწერდი“, - იხსენებს საბა სხიტარიძე.

როგორც ის ამბობს, ამის შემდეგ გამომძიებლის კაბინეტში შეიყვანეს, სადაც მისი დაკავების ოქმს ავსებდნენ. სხვიტარიძის თქმით, ოთახში მყოფმა მამაკაცმა უთხრა, დაზიანებები ეჩვენებინა.

„მაისური ავიწიე, მოინიშნა სიწითლეები და შემდეგ ქალს უთხრა დაეტოვებინა კაბინეტი, რა დროსაც შემოვიდა ერთი ნიღბიანი ზონდერი და მეორე საპატრულოს ფორმაში ჩაცმული პირბადიანი, კუნთმაგარი პოლიციელი. ისევ დაიწყო ჩემზე ძალადობა. მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნივთები.

დაბრუნდნენ გამომძიებლები და მეუბნებოდნენ, ვიძალადე თუ არა პოლიციაზე. ჩემი პასუხი იყო - არა.თავიდან შეამოწმეს დაზიანებები, გააფორმეს ოქმი რაზეც ხელი არ მოვაწერე და ამის შემდგომ ჩამიყვანეს „კაპეზეზე“.

„კაპეზეზე“ ჩემი ცემა არ გაგრძელებულა. პირიქით, თანამშრომლები კეთილგანწყობით გამოირჩნენ. მინახულა სახალხო დამცველმა და დეტალურად ჩაიწერა ჩემი ჩვენება. ასევე, შემოვიდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და როდესაც დავიწყე ჩემი ამბის მოყოლა, გამომძიებელმა შემაწყვეტინა და მეკითხება, შენი ამბავი აქციებს უკავშირდება თუ არაო. მე ვუთხარი, რომ ბრალს აქციაზე მომხდარში მდებდნენ. დაიბნა. გავაგრძელე მოყოლა. ისევ გამაჩერა და მეუბნება, მოდი შენც რომ დალაგდები შენს ადვოკატთან ერთად გავიაროთ, ეს ამბავი იურიდიულად გამართული რომ იყოსო და წავიდა“, - წერს საბა სხვიტარიძე.

ის ერთ-ერთია იმ 30-მდე პირს შორის, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 ნოემბრიდან საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

პროკურატურის მტკიცებით, საბა სხვიტარიძე 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, თავს დაესხა პოლიციელს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება განგრძობადი საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.