30 წლის ამირან ბოკუჩავა, რომელსაც პროკურატურა ორი ტურისტისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავებოდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს. ბოკუჩავა ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მისი ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, პროკურატურა ბრალდებულს იმის გამო დევნიდა, რომ რუსმა ტურისტებმა მას ტაქსში უკრაინული სიმღერის ჩართვისთვის უჩივლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ამირან ბოკუჩავა 2022 წლის 11 აპრილს დააკავეს. მის წინააღმდეგ პოლიციას რუსეთისა და ლიეტუვის ორმა მოქალაქემ მიმართა. ადვოკატის ინფორმაციით, იმ ღამით ამირან ბოკუჩავას ტურისტები თბილისის აეროპორტიდან გადაჰყავდა, როდესაც მგზავრებმა ჯერ რუსულ რუსულ ენაზე საუბარი, შემდეგ კი უკრაინული მუსიკის გამორთვა მოსთხოვეს.
„ეუბნებოდნენ, რომ ვალდებული იყო რუსულად ესაუბრა, თუ საქართველოში რუსი ტურისტები სურდა და ვალდებული იყო, უკრაინული სიმღერები გამოერთო. ტაქსის მძღოლმა ისინი აეროპორტიდან გომბორზე წაიყვანა და ჩამოყარა.
სასამართლოს ატყუებდნენ, ძალით წაგვიყვანაო. რეალურად, ძალით არ წაუყვანია - მოატყუა და უთხრა, გომბორიდან ფეხით წადით სასტუმროშიო. გაბრაზდნენ და უჩივლეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ რუსებისთვის უკრაინული მუსიკის სპეციალურად ჩართვა დისკრიმინაციაა, დასკვნით სიტყვაშიც ასე თქვა პროკურორმა“, - უთხრა ადვოკატმა „საქართველოს ამბებს“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, ამირან ბოკუჩავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოკუჩავას 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს, საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. 8 სექტემბერს, თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა არცერთის წინააღმდეგ, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ ცნო. სხდომას მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი უძღვებოდა. „მათ დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა დანაშაული არ არის“, - ამბობს ადვოკატი.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.
ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.
ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა.
გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ.
2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.
აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს. მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი არ საჩივრდება.