თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, პროევროპული აქციების მონაწილე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თევდორე (თედო) აბრამოვი გაამართლა და 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
თედო აბრამოვი, რომელსაც პროკურატურა 4.4 გრამი კლუბური ნარკოტიკის, მდმა-ს ფლობას ედავებოდა, თავს დამნაშავედ არ ცნობდა. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა მისი ჩხრეკის და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ამსახველი ვიდეომასალა. აბრამოვის ჩხრეკას პოლიციელების გარდა არავინ დასწრებია.
გუშინ, 14 აგვისტოს, მოსამართელემ ბრალდებულისა და მისი ადვოკატის დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ინგა ჯაბანაშვილმა თქვა, რომ თედო აბრამოვი საბერძნეთში, ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. სკოლაში ჯერ ათენში, შემდეგ კი საქართველოში სწავლობდა. საბეძნეთში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და დაკავებული იყო კრივით. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის საქართველოში 2024 წლის ზაფხულში ჩამოვიდა, ხანდაზმული ბებიის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ზრუნავდა ბებიაზე და უმცროს ძმაზე.
აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინგა ჯაბანიშვილმა თქვა, რომ ბრალდებული 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან თბილისში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელების მეშვეობით ადევნებდა თვალ-ყურს. ადვოკატმა წაიკითხა ამონარიდი თედო აბრამოვის ჩვენებიდან: „ვხედავდი თუ როგორ უგულოდ, სასტიკად და უბრალოდ უსამართლოდ ექცეოდნენ ხალხს, ვინც აპროტესტებდა მიმდინარე მოვლენებს“.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სხვა დემონსტრანტების საქმეების მსგავსად, თედო აბრამოვის საქმეშიც დნმ-ის წყარო ნერწყვია - ბიოლოგიური მასალა, რომელიც აბრამოვის მტკიცებით, დაკავებისას პოლიციელმა პირის ღრუდან მოტყუებით აუღო რეზინის ხელთათმნიანი ხელით.
„თევდორე აბრამოვისთვის არ შეუთავაზებიათ ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. დაცვის მხარის შუამდგომლობაზეც უარი თქვეს. ამის შემდეგ დაცვის მხარემ დანიშნა ექსპერტიზა თმის ნიმუშზე და აღმოჩნდა, რომ თედო აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონდა მოხმარებული“, - ადვოკატის თქმით, პროკურატურას ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.
თავის საბოლოო სიტყვაში აბრამოვმა განაცხადა, რომ აბსურდული ბრალდებით და ნული მტკიცებულებებით თვეების განმავლობაში მოწყვიტეს საყვარელ ადამიანებს და გალიაში გამოკეტეს. მან სასამართლოსგან „სწორი გადაწყვეტილების“ მიღება მოითხოვა:
„ერთს ვითხოვ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს. მომეცეს საშუალება, დავბრუნდე ჩემს ოჯახში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან, ჩემს ბებიასთან.
რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შემაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა.
ჩემს სიტუაციაში ისჯებოდე იმის გამო, რომ შენი ქვეყანა გიყვარს, სირცხვილია და ლაფის დასხმა, სხვა არაფერი.
მე მწამს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება. მე, ადამიანი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება თუ არა, რაღაც პერიოდი მაინც ვიყავი დაკავებული სპორტით, თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ კეთილი საქმეებით, შეხება არასოდეს მქონია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ ყველაფრის.
ის, რაც გააკეთეს ე.წ. სამართალდამცავებმა იმ ღამით, ყველას ვუსურვებ, რომ არცერთს არ გადახდენოდეს ეგეთი რამ. უდანაშაულო ვარ და ვითხოვ სასამართლოსგან, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული“.
თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს საკუთარ სახლთან დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვის მუხლით წარუდგინეს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
