„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულის ლიდერს, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ

თბილისში, მეტეხის ხიდთან, თავს დაესხნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, იგორ ნარმანიას. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგის გასამართად ემზადებოდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სოციალურ ქსელში ფიზიკური შეხლა-შემოხლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იგორ ნარმანიას გვერდიდან ეპარება და თავში ურტყამს. დაპირისპირების დროს დაშავდა არასრულწლოვანიც - როგორც ნარმანიამ თქვა, მათი 15 წლის თანამებრძოლი. ორივეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

იგორ ნარმანია აბსურდს უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მეტეხის ტაძრის მსახურ პირებს შორის წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი, ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„როდესაც დაიწყო შეხლა-შემოხლა, დავინტერესდი, რა ხდებოდა. უნდა ავსულიყავი ზემოთ. ეს ადამიანები ხელკეტებით და დრინებით იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო ორგანიზებული. [...] არ ვიყავი გარკვეული კონფლიქტის დეტალებში, თუ რატომ მოვარდნენ ეს ადამიანები იმ ადგილას და იმ მომენტში, როდესაც უნდა გამერკვია, მომეპარა ე.წ. ტიტუშკა“, - თქვა ნარმანიამ ტელეკომპნია „ფორმულას“ ეთერში.

ის „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს.

შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს“.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში განაცხადეს, რომ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.