თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პილიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ დააკავა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
პროკურატურის ვერსიით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულმა უცხოელს მოთხოვნილი თანხის ნაწილი მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი შეხვედრებისას გამოართვა.
ლაშა ცანავა ბრალს არ აღიარებს. სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ დაკავების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გათავისუფლება და დიდი ოდენობით თანხა შესთავაზეს იმ პირობით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯს ფარულად ჩაიწერდა. ცანავას თქმით, სუს-ში ხაბეიშვილზე შურსძიება სურთ, რადგან ის ხშირად ახსენებს სამსახურის უფროსს, ანრი ოხანაშვილს.
„არ არსებობდა არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ლაშა ცანავას პატიმრობა შეფარდებოდა. სასამართლოს ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა, რადგან სერვისის შეთავაზება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.
ადვოკატის თქმით, ცანავას წინააღმდეგ საქმე „შეკერილია“ და ის პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.
„დღეს გამოჩნდა, რა უნდოდათ მისგან. აიყვანეს სუს-ში და უთხრეს - თანხა უნდა აიღო და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები შეაგროვოო. ასევე, ლაშამ აღნიშნა, რომ, თურმე, „ფოხანას“ რომ ეძახის, ამაზეა გაბრაზებული... ესეც კი უთხრეს, რატომ იყვნენ გაბრაზებულები და რატომ უნდოდათ ლევან ხაბეიშვილის ასე დასჯა, მისი ძმაკაცის დაჭერა. მათ ლევან ხაბეიშვილის ეშინიათ და უნდოდათ, რომ რამენაირად, მისი უახლოესი მეგობარი გადაებირებინათ. ვნახეთ, რომ ლაშა ცანავამ ჩაიდინა გმირული საქციელი და არ გაიყიდა. დღეს ლაშა ცანავა არის პოლიტიკური პატიმარი“, - თქვა ტყეშელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, გიორგი კავსაძემაც. მისი თქმით, წინასწარი პატიმრობის გამოყენება აუცილებელი იყო.
„ამით დაზღვეული იქნა მთელი რიგი რისკები - ეს არის მიმალვის საფრთხე, ეს არის მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტორი, მტკიცებულებების განადგურების ფაქტორი“, - აღნიშნა პროკურორმა.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობა, რასაც პროკურატურა ლაშა ცანავას ედავება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.
