პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2008 წელს რუსერთის თავდასხმა საქართველოზე კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
„როგორც ისტორიკოსი, აწმყოს წარსულის პრიზმითაც ვუყურებ. რუსეთს უარი არ უთქვამს თავის იმპერიულ ამბიციებზე.
ჩემს ერთ-ერთ დიდ წინამორბედს, გარდაცვლილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, ეს შესანიშნავად ესმოდა, როდესაც 2008 წელს საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოვიდა. მისმა სიტყვებმა დროს გაუძლო. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ თქვა: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, შესაძლოა, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროც დადგეს!“
როდესაც რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა, ყველას არ ესმოდა, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო“, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
კაროლ ნავროცკის თქმით, რუსეთის იმპერიალიზმის მაგალითია სექტემბრის დასაწყისში რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა.
„სამწუხაროდ, ისტორიის ქარი, რომელიც პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, დღესაც იწყებს ქროლვას. ჩვენ კვლავ ვიწყებთ რუსული იმპერიალიზმის განცდას ჩვენს მიწებზე, პოლონეთში. ორი კვირის წინ, 9-10 სექტემბრის ღამეს, რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა ნატოს წევრი სახელმწიფოს, პოლონეთის ტერიტორიაზე. ათეულობით დრონმა განზრახ დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები. გარწმუნებთ, ეს შემთხვევითი არ ყოფილა - უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის დედაქალაქიდან გაცემული ბრძანების საფუძველზე“, - განაცხადა ნავროცკიმ და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, პოლონეთი იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა მტრის სამიზნეებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე.
„გარწმუნებთ, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და პოლონეთის პრეზიდენტი, რომ პოლონეთის პასუხი ყოველთვის ადეკვატური იქნება და ის მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორია!
პოლონელებს 1920 წელს საბჭოთა ურდოების არ ეშინოდათ და ევროპული ცივილიზაციის დაცვით, იმავე წელს დაამარცხეს საბჭოთა კავშირი. 1945 წლის შემდეგ საბჭოთა კოლონიალიზმის 45 წლის განმავლობაში პოლონელებმა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა არ დათმეს თავიანთი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სული.
არც პოლონელებს და არც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ შეეშინდებათ რუსული დრონების, მაგრამ საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია, რამდენ ხანს მოვითმენთ მსგავს აქტებს“, - პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ესტონეთი და რუმინეთი, ასევე გახდნენ რუსეთის მსგავსი პროვოკაციების მსხვერპლი.
კაროლ ნავროცკის განცხადებით, ნეოიმპერიული და ნეოკოლონიური რუსეთი ცდილობს დაანგრიოს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ამძაფრებს განხეთქილებას და ძალაუფლების აღდგენას ცდილობს. მისივე თქმით, რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები არ მიუთითებს ნამდვილი მშვიდობისთვის მზადყოფნაზე.
„როდესაც მოსკოვი ამბობს „მშვიდობას“, ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმ მხარის კაპიტულაციას, რომელსაც ის თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.
რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და აიღოს სრული პასუხისმგებლობა მასზე. რუსეთის პასუხისგებაში მიცემა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ყველა საერთაშორისო დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ნავროცკიმ გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სერიოზული კონფლიქტია, არამედ გარდამტეხი მომენტიც არის - „მსოფლიო შევიდა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობის ახალ სახიფათო ეპოქაში, სადაც წესები ირღვევა და ხდება გამოცდა იმისა, თუ რამდენად შორს შეიძლება წასვლა, სანამ ვინმე იტყვის: „საკმარისია!“ „გაჩერდი“.
