„ნეიტრალური საქართველო“ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

ანტიდასავლური გზავნილებით ცნობილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩაატაროს პლებისციტი ევროინტეგრაციის შესახებ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ „აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და პირველ რიგში, ჩვენ თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს“.

„მიუღებელი და უკვე სახიფათოც არის ხელისუფლების დაჟინებული რიტორიკა, რომ ისინი უზრუნველჰყოფენ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას“, - ვკითხულობთ დეზინფორმაციული ნარატივებით გაჯერებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, მოსახლეობამ პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: „ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!“

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგები ნათლად აჩვენებს ხელისუფლებას, რა არის ხალხის რეალური დაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეი აღლუმები და პედოფილია არის ნორმა. ასევე მარტივად პროგნოზირებადია ის მძიმე შედეგები, რასაც გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ამის შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პლებისციტი ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვაა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პლებისციტს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ვატო შაქარაშვილმა, ნანა კაკაბაძემ, ბიძინა გიორგობიანმა და გელა ნიკოლაიშვილმა ერთი წლის წინ დააფუძნეს. რამდენიმე თვეში სწორედ მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება „საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობის და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“. გამოძიების ფარგლებში დაყადაღდა იმ ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების საბანკო ანგარიშები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულებსა და დაჯარიმებულებს ეხმარებოდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.