თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნინოწმინდის პანსიონის 11 ყოფილი აღსაზრდელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ მოსარჩელეს სახელმწიფომ 30 000 ლარი უნდა გადაუხადოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
PHR-ი პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ბენეფიციარის ინტერესებს იცავდა და თითოეული მათგანისთვის 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა. ორგანიზაციის პოზიციით, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება შეუძლებელია, რადგან ვერანაირი თანხა ვერ იქნება განცდილი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის საპირწონე. თუმცა, მათივე მტკიცებით, კომპენსაცია უნდა ყოფილიყო ღირსეული და ბავშვების განსაკუთრებული მოწყვლადობისა თუ ძალადობის ხანგრძლივობის შესაბამისი.
საქმის განხილვა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში წელზე მეტხანს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ PHR-მა სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად მიღების მოთხოვნით ოთხჯერ მიმართა, პროცესი გაჭიანურდა. ამჟამად დაკისრებული თანხის ოდენობას ორივე მხარე ასაჩივრებს: PHR-ი კომპენსაციის გაზრდას ითხოვს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო დაკისრებული თანხის გაუქმებას ან შემცირებას.
PHR-ის სარჩელი ეფუძნება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებას. კომიტეტმა დაადგინა, რომ ნინოწმინდის პანსიონში სისტემატურად ირღვეოდა ბავშვების უფლებები, რაც რიგ შემთხვევებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდებოდა. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი მომეტებული ვალდებულება - დაეცვა ბავშვები, რომლებიც მის ზრუნვაში იმყოფებოდნენ.
გაეროს კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობის გამო. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბავშვებმა ჯერ განაცხადეს თანხმობა რეპარაციაზე, რამდენიმე დღეში კი ერთდროულად გააუქმეს იგი, რაც შესაძლოა არასათანადო ზეწოლაზე ან შურისძიების საფრთხეზე მიუთითებდეს.
ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონის გარშემო სკანდალი 2021 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა ბავშვებზე სისტემური ძალადობისა და იზოლაციის ფაქტების შესახებ. საპატრიარქოს დაქვემდებარებულ დაწესებულებას მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგისთვის შენობაში არ უშვებდა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში ძალადობისა და გაუპატიურების მუხლებით გამოძიება რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობდა.
მედიით გავრცელებულმა აღსაზრდელების ინტერვიუებმა საზოგადოებას არადამიანური მოპყრობის შემზარავი სურათი აჩვენა: ბავშვები სასჯელის უკიდურეს ფორმებს იხსენებდნენ:
„იყო 24 საათი ბრინჯზე, პურის მარცვალზე მუხლებით დაყენება და არაერთი სახაზავის გადამტვრევა ჩემს გვერდებზე და თითებზე... გაპარვა რომ დავაპირეთ, დამიჭირეს, დამაძინებელი ნემსი გამიკეთეს და სამი დღე მეძინა.“
„ხელში დიდი სკამი მეჭირა ამხელა ბავშვს და ცალ ფეხი აწეული მქონდა... მასწავლებლები მუხლებზე შემოგვადებინებდნენ ფეხებს და მასაჟებს გვაკეთებინებდნენ, სანამ არ მობეზრდებოდათ.“
„ერთხელ თვალი მქონდა დალურჯებული და პუდრი წამისვეს კარგად, რომ არ გამოჩენილიყო... შუადღეს რომ არ გვეძინებოდა, თვალებს გვიხვევდნენ და ძალით გვაძინებდნენ.“
„გვაკეთებინებდნენ ბუქნებსაც. როცა მოუნდებოდათ, გვეტყოდნენ - ადექი ბუქნები გააკეთე. არ გააკეთებდი და გცემდნენ. მე ძალიან ბევრჯერ მომიწია ლოგინის „რეიკით“, სკამების ჯოხებით ცემა“.
ორგანიზაცია PHR აღნიშნულ საქმეზე 2021 წლიდან მუშაობს. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა გადაწყვეტილება 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გამოიტანა და სახელმწიფოს მსხვერპლთათვის ადეკვატური რეპარაციის გაცემა დაავალა.
