ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის დავა მორიგებით დასრულდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ცნობილ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილსა და ამერიკულ კომპანია Netflix-ს შორის მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ფინალურ ეპიზოდთან დაკავშირებული დავა მორიგებით დასრულდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნონა გაფრინდაშვილი მიიჩნევდა, რომ მისი მიღწევები დაკნინდა, როდესაც მინისერიალის ბოლო ეპიზოდში მისი სახელი გაჟღერდა და ითქვა, რომ ის ქალებს შორის ჩემპიონი იყო და  მამაკაც მოჭადრაკესთან არ უთამაშია.

გაფრინდაშვილი დავობდა, რომ ეს ფრაზა არამარტო აშკარად მცდარი, არამედ სექსისტური და დამამცირებელი იყო. ქართველი მოჭადრაკის განცხადებით, 1968 წლისთვის, როდესაც სერიალში მოქმედება ვითარდება, მას უკვე ნათამაშები ჰქონდა სულ მცირე 59 მამაკაც მოჭადრაკესთან, რომელთა შორის სულ მცირე ათს დიდოსტატის წოდება ჰქონდა.

Netflix-ის განცხადებით, გაფრინდაშვილს უდიდეს პატივს სცემდნენ და მისი მიღწევების დაკნინებას არ ისახავდნენ მიზნად, თუმცა მოჭადრაკის სარჩელს კომპანია უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. მათი მტკიცებით, მაყურებლებისთვის გასაგები იქნებოდა, რომ სადავო ფრაზა არ უნდა ყოფილიყო სინამდვილე, რადგან მხატვრულ ნაწარმოებს უყურებდნენ. მას შემდეგ, რაც სარჩელი სასამართლომ დასაშვებად ცნო, Netflix-მა სააპელაციო სასამართლოს მიმართა. მოპასუხე მხარე მიუთითებდა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ დამატებაზე, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს. მათი განცხადებით, სადავო ფრაზა იყო ნაწილი მხატვრული სატელევიზიო სერიალისა, რომელიც შეეხო საზოგადოებრივი მნიშვნელობის არაერთ საკითხს, მათ შორის, 1960-იან წლებში ქალი მოჭადრაკეების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გუშინ, 6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მხარეები სასამართლოს გარეშე მორიგდნენ.

„მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მორიგების მოლაპარაკების ინიციატივა წამოვიდა ამერიკის სააპელაციო სასამართლოდან, რაც შეთანხმების მიღწევით დასრულდა. ყველაფერი, რაც შეთანხმებასა და მის პირობებს უკავშირდება, არის კონფიდენციალური და არ შეიძლება, საჯარო იყოს.

მოხარულები ვართ, რომ ეს შედეგი ქალბატონი ნონას ინტერესებშია. ის ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. Netflix-ს ანალოგიური ან მსგავსი ძალიან ბევრი დავა აქვს, თუმცა ძალიან ცოტა მთავრდება მორიგებით, რადგან Netflix-ი ბოლომდე ცდილობს თავისი პოზიციების დაცვას.

ფილმში არაფერი იცვლება, ისე რჩება, როგორც არის, თუმცა პატივის და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა განხორციელდა მხარეთა შორის შეთანმებით“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა კახა შარაბიძემ.

მინისერილი „ლაზიერის გამბიტი“, რომელიც უოლტერ ტევისის 1983 წლის ნოველის მიხედვით გადაიღეს, მილიონობით ადამიანმა ნახა და არაერთი ჯილდო, მათ შორის, ოქროს გლობუსი და ემი მოიპოვა. მინისერიალის მთავარი გმირია არარეალური პერსონაჟი, დაობლებული ამერიკელი გოგონა ბეთ ჰარმონი, რომელიც ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდება. ფინალურ ეპიზოდში მოვლენები საბჭოთა კავშირში, მოსკოვში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ვითარდება, სადაც ჰარმონი მამაკაც მეტოქეს ხვდება. სწორედ აქ ამბობს კომენტატორი: „ერთადერთი უჩვეული რამ მასთან [ბეთ ჰარმონათან] დაკავშირებით ნამდვილად არის მისი სქესი. ესეც არ არის უნიკალური რამ რუსეთში. აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს შეხვედრია მამაკაცს“. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ Netflix-მა შეცვალა ორიგინალური ტექსტი, რომლის მიხედვითაც გაფრინდაშვილს რუს დიდოსტატებთან შეხვედრები მოსკოვის ტურნირამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა ჩატარებული. მიყენებული რეპუტაციული ზარალის სანაცვლოდ ნონა გაფრინდაშვილი ამერიკული კომპანიისგან 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

„Netflix-მა თავხედურად და  წინასწარი განზრახვით იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფასიანი და ცინიკური მიზნით - გაემძაფრებინა დრამა იმით, თითქოს გამოგონილმა გმირმა მოახერხა ის, რაც მანამდე არცერთ სხვა ქალს, მათ შორის, გაფრიდაშვილს არ გაუკეთებია. იმ ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც მსოფლიო ჭადრაკის უმაღლეს დონეებზე მამაკაცებს უწევს მეტოქეობას, სავარაუდოდ, სხვა ქალები უნდა შთაეგონებინა, თუმცა Netflix-მა დაამცირა რეალური პირველი ქალი, რომელიც იმავე ეპოქაში, რეალურად ხვდებოდა და ამარცხებდა კაცებს მსოფლიო სცენაზე“, - აღნიშნულია სარჩელში.

ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც ახლა 81 წლისაა, ჭადრაკის პროფესიონალურ დონეზე თამაში 13 წლის ასაკში, 1954 წელს დაიწყო. გახდა საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1973, 1981, 1983, 1985) და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 1972). 1977 წელს გაფრინდაშვილმა ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატობა მოიპოვა, 1978 წელს კი გახდა პირველი მოჭადრაკე ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის. 1962-1978 წლებში იყო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი. არის 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). 1997 წელს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი. 2014-2019 წლებში, ნონა გაფრინდაშვილი ასპარეზობდა 65 წლის ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, სადაც, 2017 წლის გარდა, ყოველი წლის გამარჯვებული იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).