ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ რეალობას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა ეს ასე არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, რომელიც თბილისში მაისში იმყოფებოდა, უპასუხა „ამერიკის ხმის“ შეკითხვას, მაღალი რანგის შეხვედრების, ჩართულობისა თუ დისკუსიის შემდეგ, აქვს თუ არა აშშ-ს ნიშანი ან იმედი, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება მზად იყოს რამის შესაცვლელად.
„არა, ისინი უარყოფენ [რეალობას], არ აღიარებენ მას. მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა.
ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. და „ქართული ოცნება“ ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა.
საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი. შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა-გაუქმების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების დაპირება „ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“.
„ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჯეიმს ო’ბრაიენმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ რუსული კანონის ამოქმედებით ერთ-ერთი ის ნაწილი ზარალდება, რომლის გარეშეც არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად ვერ იქნება მიჩნეული.
„დიახ, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია.
ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს.
[...] საქართველოს ოფიციალურ პირებს ჩვენ ისევ და ისევ ვეუბნებით, რომ გამჭვირვალობა, რომელზეც ამბობთ, რომ გსურთ, მზადაა და ხელმისაწვდომია. ყველა ამერიკული ორგანიზაცია გამჭვირვალეა, ევროპული ორგანიზაციები გამჭვირვალეა. არსებობს ამის მიღწევის გზები. მაგრამ მათ ამისთვის აირჩიეს გზა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თქვენი სამეზობლოს გაერთიანების კონტროლის საშუალებას აძლევს. ეს არაა დემოკრატიული, ეს არაა ევროპის ნაწილი. ჩვენ გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ უკან, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს ევროპის ნაწილად ყოფნა“.
შეკითხვაზე, აშფოთებს თუ არა შესაძლო რუსული ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში, ჯეიმს ო’ბრაიენმა თქვა, რომ „ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა“.
„მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი - ევროპასა და შეერთებულ შტატებში - საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს“, - განახადა ო’ბრაიენმა.