ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებული განკარგულებით, შპს „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის ვადა 3 თვით გაუგრძელდა. დოკუმენტის თანახმად, განკარგულება უკუძალით ვრცელდება 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შპს „სოლიდუსი“ 2010 წელსაა რეგისტრირებული. მისი 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე გიორგი არველაძეა, ხოლო დირექტორი - შოთა კევლიშვილი. არველაძემ „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა, რომ აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით დაახლოებით 300 ტონა საწვავი შეიტანა.

ბიზნესმენის თქმით, მას „სპეციალური საწარმოს სტატუსი“ წლებია მინიჭებული აქვს: „აქამდე სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება ხდებოდა, საწვავის მიწოდება პირველად მოხდა. ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, - აცხადებს არველაძე.

მისივე განმარტებით, საწვავი ძირითადად გალის მოსახლეობისა და ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურებისთვისაა განკუთვნილი. არველაძე ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზნით მიიღეს, რათა თავიდან აეცილებინათ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საწვავის ზუგდიდიდან მცირე პარტიებით (კანისტრებით) გადატანა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა ამას „ჰუმანური ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც „ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება“. დეპუტატმა კრიტიკა „უსამშობლო აგენტურის ისტერიად“ შეაფასა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ფაქტს ჰუმანიტარულ დახმარებად არ მიიჩნევს. მათი განცხადებით, აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდება რუსეთის კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში გრძელდება, თუმცა, საავტომობილო საწვავი არასაკმარისია „რესპუბლიკის“ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ამიტომ, საწვავის ალტერნატიული წყაროებიდან მიღება გადაწყვიტეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ეკონომისტები აღნიშნულ ნაბიჯს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სანქციების დარღვევად აფასებენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აცხადებს:

„საწვავი ომის დროს არის იარაღი. აფხაზეთი აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მოკავშირეა, ამიტომ ჰუმანური აქტის არგუმენტი ტყუილია. საწვავის კრიზისის გადაჭრა საქართველოს მონაწილეობით რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერაა“.

გოცირიძის თქმით, აფხაზეთის ნავთობბაზები და ბენზინგასამართი ქსელები რუსული კონტროლის ქვეშაა, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია სამართლებრივ და მორალურ კითხვებს აჩენს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.