რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლება დაკავებულს ნარკოტიკულ დანაშაულს ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე 28 ოქტომბერსაც დააკავეს. 29 წლის ასმათ თავაძეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან და მას ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სოხუმში, ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელ ბინაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მეფედრონის ორი შეკვრა, რომელთა საერთო მასა 10 გრამს აღემატებოდა, ასევე, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები - დროშა და შევრონი. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავაძეს აფხაზეთის „მოქალაქეობაც“ აქვს.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის გამო. ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს, რომ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთში ზეიმით აღნიშნავენ. ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკისას დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც თითქოსდა ის საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. ადგილობრივი ადვოკატის, აპოლონ გელედიას განმარტებით, საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდისას ერთი დღე ორ დღედ ითვლება. ბებუა პატიმრობაში 4 წელი და ექვსი თვე იქნება.
