ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემა სექტემბერში დაიწყება

მიმდინარე წლის სექტემბერში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის უზრუველსაყოფად, რუსეთიდან უფლებამოსილი პირები ჩავლენ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ერისლავ მამიევმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ე.წ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის ორგანიზებისთვის უკვე მზადდება სპეციალური შენობა.

„დოკუმენტების წარდგენის მთელი პროცესი ადგილზე იქნება ორგანიზებული. მოქალაქეებს რესპუბლიკის დატოვება არ მოუწევთ, რაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. სამხრეთ ოსეთში რუსული შიდა პასპორტი გაიცემა - ეს დიდი მიღწევაა“, - განაცხადა მამიევმა.

2025 წლის 17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჯერ კიდევ არ მიუღიათ რუსული პასპორტი, შეუძლიათ დოკუმენტი „რესპუბლიკებიდან“ გაუსვლელად მოითხოვონ. ეს წესი 2028 წლის 1 აგვისტომდე იქნება ძალაში.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იმ „მოქალაქეების“ ზუსტი რაოდენობა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, უცნობია. 2019 წელს, ოკუპირებული რეგიონის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებდა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 95% რუსეთის მოქალაქეცაა.

2025 წლის 17 მაისს, პუტინმა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეებისთვის“ რუსული პასპორტების აღების წესი გაამარტივა. განკარგულების მიხედვით, 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს, რომლებიც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ე.წ. რესპუბლიკების მოქალაქეები იყვნენ, შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანონ ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, როგორიცაა რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენის, ისტორიის და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.