„რუსული აგრესია ბრძოლის ველზე ჩავარდა. დღეს 522-ე დღეა, რაც ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობის ვარაუდით ერთი-ორი კვირა უნდა გაგრძელებულიყო. უკრაინა ძლიერდება. ომი თანდათან რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე. ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯარო მიმართვაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 ივლისს, გვიან ღამით, მოსკოვს თავს სამი უპილოტო თვითმფრინავი დაესხა - ორი დედაქალაქში შენობებს დაეჯახა, ხოლო ერთი მოსკოვის ოლქის ოდინცოვსკის რაიონში განადგურდა. რუსეთის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ტერორისტული შეტევა განეხორციელებინათ“.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დროებით თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკვა-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა, შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი და დაზიანდა ორი შენობის ფასადი.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, The Insider-ის ცნობით, ადგილას, სადაც აფეთქება მოხდა, მდებარეობს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ციფრული განვითარების სამინისტრო და ეროვნების ფედერალური სააგენტო.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი, იური იჰნატი თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თვითმფრინავები იმ რუსებზე ახდენენ ზემოქმედებას, ვისაც ჰგონია რომ ყოვლისმომცველი ომი ჯერ კიდევ შორსაა. „რუსეთში ყოველთვის რაღაც დაფრინავს, ისევე როგორც მოსკოვში. ახლა ომი უკვე ზემოქმედებს მათზე, ვინც ამ საკითხით დაინტერესებული არ ყოფილა“, - თქვა იჰნატმა.
BBC-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე 120-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მხარე არ ადასტურებს, რომ რუსეთზე დრონებით თავდასხმებს მისი შეიარაღებული ძალები ახორციელებს. ექსპერტების შეფასებით, რადიუსის თვალსაზრისით, უკრაინიდან გაშვებულმა უპილოტო თვითმფრინავებმა შეიძლება შეაღწიონ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვამდე, რომელიც საზღვრიდან დაახლოებით 450 კილომეტრში მდებარეობს.
