ომზე პასუხისმგებლობა საქართველომ აიღოს - დე ფაქტო ცხინვალი კობახიძის განცხადების შემდეგ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს. საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ თბილისმა „ოფიციალურად აღიარა“ ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა და მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას არა მხოლოდ ცალკეული პირებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოსთვის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, ირაკლი კობახიძემ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო დაასახელა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ცხინვალის დაბომბვაში კვლავ დაადანაშაულა.

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს სიტყვები „აღიარებად“ შეაფასა. 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ

„საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ“.

ცხინვალის წარმომადგენლების თქმით, ეს ფაქტი მათთვის თავიდანვე ცნობილი იყო და ამის შესახებ ბოლო 18 წელია საუბრობენ.

„ასევე სრულიად აშკარაა, რომ დამნაშავე არ არის მხოლოდ სააკაშვილი. ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ფლობდა მანდატს, გამოსულიყო საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გამოეცა დანაშაულებრივი ბრძანებები... ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყანამ, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტმა, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის პერსონაჟებმაც“, - ვკითხულობთ დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, ცხინვალის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის როლს და აღნიშნეს, რომ „სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტიად“.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია. ომის შემდეგ მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

2024 წლის 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“დამფუძნებელმა და საქართველოს ფაქტობრივმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების დასრულებისთანავე „ომის გამჩაღებლების“ გასამართლებისა და ბოდიშის მოხდის პირობა დადო: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ივანიშვილის განცხადებიდან დაახლოებით ერთ წელში, 2025 წლის 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების პარლამენტმა დაამტკიცა ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა, სადაც ჩაიწერა: „2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი აღმოჩნდა სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით განახორციელეს ქალაქ ცხინვალზე შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.