თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კარვები გაშალეს და 24-საათინი უწყვეტი პროტესტი გამოაცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი. ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს! ყველაფერს ვკეტავთ. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც მივიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში.
24 საათი ეს აქცია იდგება აქ. ვინ არის თანახმა თქვენს შორის არ შეუშინდეს დაჭერას, სიცივეს, რუსულ რეჟიმს? - იმიტომ, რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში! ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას.
ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის. იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია მომავალი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ. ჩვენ მზად ვართ, ყველაფრისთვის. კვლავ ვიმეორებ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა - ლიდერებზე. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია“, - მიმართა კარვების გაშლამდე შეკრებილებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
ამ დროისთვის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სამი კარავია განთავსებული. იქ მყოფებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ. აქციის გამო ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან მელიქიაშვილის და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია - ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს. ასევე ჩვენ არ ვაპირეთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. დღეს გავათევთ ღამეს, 24-საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ეს ქაოტური პროცესი არ არის, ეს დაგეგმილი პროცესია“, - განაცხადა პარტია „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.
„აქ დილიდან დაიწყება რუსული დეზინფორმაციების მანქანის მობილიზება, რომ ვიღაც წავიდა, ხალხი არ არის, და ა.შ. ყველა აქ ვართ, არსად მივდივართ. ყველაფერი იქნება - ყავა, ჩაიც, დამტენიც და ყველაფერი. ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას ან რა ვიცი, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს. ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით“, - აღნიშნა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
აქციაზე იმყოფებიან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული დანარჩენი ორი პოლიტიკური ძალის - კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებიც.
„ჩვენ ვართ იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველია და გამოხატავს პროტესტს მიტაცებული არჩევნების წინააღმდეგ. მოლოდინი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ უწყვეტ პროტესტს ნებისმიერ ლოკაციაზე ჩვენს ხალხთან ერთად. ჩვენს პოლიტიკურ ძალას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს“, - განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოს“ წევრმა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.
16 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, პროცენტი და მანდატების რიცხვი ასეთია:
- „ქართული ოცნება“ – 1 120 053 ხმა, 53.93%, 89 მანდატი;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ხმა, 11.03%, 19 მანდატი;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 211 2016 ხმა, 10.17%, 16 მანდატი;
- „ძლიერი საქართველო“ – 182 922 ხმა, 8.81%, 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, 12 მანდატი.
ოპოზიციის წევრები ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ეთანხმებიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, რაგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ისინი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ აპირებს, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩაატაროს.