კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, სამოქალაქო აქტივისტ გელა ხასაიასა და მასთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. პროკურორ მარიამ წულაიას კითხვაზე, აღიარებდნენ თუ არა წარდგენილ ბრალს, ორივე მათგანმა დადებითი პასუხი გასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულებს ძირითად სასჯელად 4 წელი განესაზღვრათ, საიდანაც ისინი 1 წელს საპატიმროში გაატარებენ, ხოლო 3 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნებიან. ვინაიდან გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბრიდან იმყოფება პატიმრობაში, მას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება დაახლოებით 5 თვეში მოუწევს.
ხასაიას ინტერესების დამცველი, ომარ ფურცელაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მყარი მტკიცებულებები არ გააჩნდა, რის გამოც საპროცესო გარიგება თავადვე შესთავაზა აქტივისტს. ადვოკატი ორ მთავარ ფაქტორს გამოყოფს: სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის ჩვენება ფაქტობრივად „განადგურდა“, რამაც პროკურატურის პოზიცია შეასუსტა. ფურცელაძის თქმით, მეორე ბრალდებული და მისი ოჯახის წევრი გეგმავდნენ გარიგებაზე წასვლას და ხასაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას შეღავათების მისაღებად.
„გელა ხასაიას არჩევანის გაკეთება მოუწია ციხეში 5 წლის გატარებასა და საპროცესო შეთანხმებით მხოლოდ 4 თვის დარჩენას შორის“, - განმარტავს ადვოკატი.
პროკურატურის ვერსიით, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისში, ხასაიამ და ქერდიყოშვილმა შელაპარაკების ნიადაგზე რამაზ ჩადუნელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მაჯის მოტეხილობა მიიღო.
თავად ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. გელა ხასაია განმარტავდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და მის ანტისამთავრობო აქტივობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ წინა სხდომაზე თავად დაზარალებულს, რამაზ ჩადუნელს, ბრალდებულების ამოცნობა გაუჭირდა.
გელა ხასაია ფიგურირებს BBC-ის მიერ 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში. ფილმი ეხება 2024 წლის აქციების დაშლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. ხასაია ერთ-ერთი რესპონდენტი იყო, რომელიც პოლიციის მხრიდან წყლის ჭავლისა და სხვა საშუალებების გამოყენების მძიმე გვერდით ეფექტებზე საუბრობდა.
