უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს, 28 ნოემბერს, მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც მან განაცხადა, მისი მიზანია უნგრეთის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა ამ ზამთარისა და შემდეგი წლისთვის, ხელმისაწვდომ ფასად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„დღეს უნგრეთში ენერგომატარებლებზე ფასი მთელ ევროპაში ყველაზე დაბალია. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა იაფ რუსულ ნავთობსა და გაზზე“, - თქვა ორბანმა.
მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა უნგრეთი რუსეთის ნავთობსა და გაზზე აშშ-ის სანქციებისგან გაეთავისუფლებინა.
კითხვას, განიხილება თუ არა მშვიდობის საკითხი პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების დროს, ვიქტორ ორბანმა უპასუხა: „ამის თავიდან აცილება ძნელად თუ შევძლებთ“.
ორბანთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა პეტერ სიიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრიც~, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შენარჩუნება „უნგრეთის ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია“. სიიარტოს განცხადებით, წელს რუსეთიდან უნგრეთში 8.5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და 7 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი შევიდა.
„უნგრეთ-რუსეთის ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე უარის თქმა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა სიიარტომ.
ეს ვიქტორ ორბანის მეორე ვიზიტია მოსკოვში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მისი წინა ვიზიტი 2024 წლის ივლისში შედგა, როდესაც ის რუსეთში ე.წ. „სამშვიდობო მისიით“ ჩავიდა და პუტინს შეხვდა.
