ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა - უნგრეთის არჩევნებში ოპოზიციურმა „ტისამ“ გაიმარჯვა

ფოტო: სააგენტო Reuters

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ (TISZA) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების 89.97%-ის დათვლის შემდეგ, პეტერ მადიარის გუნდმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 138 მანდატი მოიპოვა, რაც მათ მთავრობის ფორმირების საშუალებას აძლევს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ (TISZA) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების 89.97%-ის დათვლის შემდეგ, პეტერ მადიარის გუნდმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 138 მანდატი მოიპოვა, რაც მათ მთავრობის ფორმირების საშუალებას აძლევს.

ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ ნიშნულს - 77.8%- მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში მანამდე არასდროს დაფიქსირებულა. რთული საარჩევნო სისტემის მიუხედავად, სადაც 199 დეპუტატიდან 106-ს მაჟორიტარული ოლქებიდან ირჩევენ, ხოლო 93-ს - პარტიული სიებით, ოპოზიციამ შეძლო მმართველი გუნდის დამარცხება. ამ შედეგით ვიქტორ ორბანის პარტიამ „ფიდესი“, რომელიც ქვეყანას 2010 წლიდან უწყვეტად მართავდა, ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლა.

საკუთარი 16-წლიანი მმართველობის დასრულება მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა უკვე ოფიციალურად აღიარა. ვიქტორ ორბანმა პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა და დაადასტურა, რომ მისი გუნდი ქვეყნის მსახურებას ახლა უკვე ოპოზიციიდან გააგრძელებს.

„არჩევნების შედეგები ნათელია. „ფიდესი“ ოპოზიციიდან გააგრძელებს უნგრეთის მსახურებას“, - განაცხადა მოქმედმა პრემიერმა.

ანალიტიკოსები მადიარის წარმატებას მის უპრეცედენტო საარჩევნო კამპანიას უკავშირებენ. მან უარი თქვა ტრადიციულ მედიაზე, ძვირადღირებულ რეკლამებზე და აქცენტი პირისპირ შეხვედრებზე გააკეთა. მადიარმა რამდენიმე თვეში მთელი უნგრეთი შემოიარა, სტუმრობდა ყველაზე პატარა სოფლებსაც კი, სადაც მმართველი პარტიის გავლენა ტრადიციულად ძლიერი იყო. მისმა სტრატეგიამ, ყოფილიყო "ხალხთან ყველგან", გადამწყვეტი როლი ითამაშა ამომრჩევლის მობილიზებაში.

45 წლის პეტერ მადიარი წლების განმავლობაში თავად იყო მმართველი სისტემის ნაწილი. ის „ფიდესის“ ყოფილი წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდიტ ვარგას ყოფილი მეუღლეა. 2024 წლის დასაწყისში მადიარი ღიად დაუპირისპირდა ორბანის მთავრობას, ამხილა კორუფციული სქემები და სათავეში ჩაუდგა ანტისამთავრობო მოძრაობას. მისი ლიდერობით „ტისამ“ (პატიოსნებისა და თავისუფლების პატივისცემის პარტია) აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, კანონის უზენაესობასა და ელიტური კორუფციის აღმოფხვრაზე.

ევროპელი ლიდერები უნგრეთში მომხდარ ცვლილებებს დემოკრატიის გამარჯვებად აფასებენ:

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი: „მივულოცე პეტერ მადიარს! საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებების მიმართ. ვიაროთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ.“

კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: „ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.“

ფრიდრიხ მერცი, გერმანიის კანცლერი: „უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულითადად გილოცავთ არჩევნებში წარმატებას, ძვირფასო პეტერ მადიარო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას. მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი, უსაფრთხო და უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ევროპისთვის“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: „ვულოცავ პეტერ მადიარსა და „ტისას“ ბრწყინვალე გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტრუქციული მიდგომა იმარჯვებს. უკრაინას ყოველთვის სურდა ევროპაში ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები და მზად ვართ, რომ უნგრეთთან ჩვენი თანამშრომლობა წინ წავწიოთ. ევროპა და ყველა ევროპული ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და მილიონობით ევროპელს სურს თანამშრომლობა და სტაბილურობა. მზად ვართ ორივე ქვეყნის, ასევე, ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სასარგებლოდ შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის“

პოლიტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორბანის დამარცხება ნიშნავს ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ევროსკეპტიკური ხმის ჩახშობას. მადიარის გამარჯვება მოასწავებს უნგრეთის დაბრუნებას ევროპულ მეინსტრიმში, უკრაინისადმი მხარდაჭერის გადახედვას და ბრიუსელთან გაყინული მილიარდობით ევროს დახმარების აღდგენას, რომელიც ქვეყანას დემოკრატიული უკუსვლის გამო ჰქონდა შეჩერებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.