„ოცნება“ თავს ესხმის მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემის შემდეგ

„ქართული ოცნება“ საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას. „საქართველოს ჰყავს დიფ სთეითის პირველი გმირი“, - განაცხადა პარტიის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელზე, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელზე თავდასხმამდე, გრძელიშვილმა თქვა, რომ „ხელისუფლების დამხობის მცდელობა არცერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის, არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია“, რის გამოც პარტია „შეშფოთებულია“.

„ამ პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება.

გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცველს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ

მეორე მხრივ, მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები - გმირად გამოგვიცხადეს,“ – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა და დაამატა, რომ „სწორედ ეს არის დიფ სთეითის ხელწერა“.

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად, 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა. საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც უშიშარი ჟურნალისტიკის სულისკვეთებას და თავისუფალი გამოხატვისთვის მუდმივ ბრძოლას განასახიერებენ.

მზია ამაღლობელი უკვე 273 დღეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს, მაგრამ საქმე არა შეურაცხყოფისთვის, არამედ პოლიციელზე თავდასხმისთვის აღუძრეს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებდა, რომ „ლოყა ეტკინა“.

„ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

საქმის განხილვა „ქართული ოცნების“ ლიდერების დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა. პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ.

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, მან ეს არ გააკეთა და ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. კერძოდ, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებასთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ივნისის ბოლოს სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.