„ქართული ოცნების“ მთავრობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. დღეს, 2 მარტს, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებენ თვალყურს „საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.
საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ მთავრობა უახლოეს მომავალში მშვიდობის აღდგენის იმედს გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამისთვის „საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს“.
„საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ახლო აღმოსავლეთში ომი მესამე დღეა გრძელდება. 28 თებერვალს, დილით, ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები განახორციელეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურებას აპირებდა. მან ირანელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ, ხოლო მოქალაქეებს „საკუთარი ბედის საკუთარ ხელში აღებისკენ“ მოუწოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების, ცაჰალის, განცხადებით, თავდასხმის სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო.
ირანმა საპასუხოდ იერიში მიიტანა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე - ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
სამხედრო ოპერაციის მეორე დღეს, ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და რამდენიმე მღალჩინოსნის დაღუპვა, მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, მოჰამედ პაკპური.
ირანული წითელი ნახევარმთვარის მონაცემებით, ომის დაწყებიდან შემდეგ 131 ქალაქი დაზარალდა და ირანის 555 მოქალაქე დაიღუპა.
ცნობილია, რომ ირანის მიერ აშშ-ის ობიექტებზე დარტყმებს სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების შედეგად, რომლებიც ორშაბათს, დილით, „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მოჰყვა, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 149 დაიჭრა.
ლიბანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, ისრაელის მიმართულებით დარტყმები აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისა და „ისრაელის განმეორებითი აგრესიის“ საპასუხოდ განახორციელა.
ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცე დახურულია, რის გამოც ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, ასობით ათასი მგზავრი გზაშია ჩარჩენილი.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანზე მისი ქვეყნის დარტყმები „უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება“.
ამ თემაზე:
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს
