„ოცნების“ პარლამენტმა უნივერსიტეტების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მიიღო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების სადავო გადაწყვეტილების ფონზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაციას ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილი იქნება მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი.

მთავრობის დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში, განათლების მინისტრი უფლებამოსილი ხდება დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო - დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით გადაეცემა აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება.

აღნიშნული უფლებამოსილება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით განისაზღვრა, რომ წამყვანი პროფესორი შეიძლება გახდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

კანონში ცვლილებების შედეგად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ეძლევათ, მილევად რეჟიმში - კონკრეტული ვადით ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება. აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ვადით გააგრძელონ:

  • არანაკლებ 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე.
  • არანაკლებ 240 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე.
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე.
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.

აღნიშნული ცვლილება „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღებული კანონიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა უქმდება. მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.