„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს

ლუკა კურტანიძე ახსნა-განმარტებას აძლევს „ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიას, 2025 წლის მაისი.

ყოფილი პარლამენტარი, ეტერანი მოჭიდავე ლუკა (ელდარ) კურტანიძე ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ლუკა კურტანიძის ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, რომ კურტანიძე მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა. ინციდენტი დღეს, 27 ივლისს, ქობულეთში მოხდა.

ტელეკომპანია „პირველმა“ ხათუნა მიქაცაძის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა,სადაც ჩანს, როგორ გარბის ქალისკენ კურტანიძე. მის შეკავებას უშედეგოდ ცდილობს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ კურტანიძე ქალს სავარაუდოდ აქცევს და მას სცემს.

კადრებში ისმის ხათუნა მიქაცაძის ხმაც. ის კურტანიძეს „ქურდს“ და „მოძალადეს“ უწოდებს, პოლიციის თანამშრომლებს კი ეკითხება, რატომ არ აკავებენ კურტანიძეს.

მოგვიანებით ქალმა ტელეკომპანია „პირველს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან მისცა ინტერვიუ. მას ძალადობის კვალი ემჩნეოდა მკლავებზე, ხელებსა და კისერზე. როგორც თქვა, დაზიანებები აქვს მუხლებზეც. 

„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან“, - განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ. ლუკა კურტანიძეს მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

„9-თვიანი დამცავი ორდერია მის მიმართ გამოწერილი. მოახლოება აქვს აკრძალული. საპატრული ეკიპაჟს ვუთხარი მისამართი, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ ჩემთან და წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო. ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და სახელმწიფოს უპირისპირდებიო“, - თქვა მიქაცაძემ.

53 წლის ლუკა კურტანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლუკა კურტანიძე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია. 2012-2014 წლებში ის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, 2015 წელს კი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 2017 წელს, კურტანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პროექტორი იყო. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ის თანამდებობიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც ახალგაზრდა ქალმა ძალადობაში ამხილა.

როგორც „პირველმა“ გაარკვია, 2022 წლიდან, „ქართულ ოცნებას“ ლუკა კურტანიძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ჰყავს დასაქმებული. კურტანიძემ ფიზიკურად იძალადა ქალ ჟურნალისტზე, რომელმაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.