მსოფლიოს წამყვანმა საერთაშორისო ბრენდებმა, Procter & Gamble-მა (P&G) და Nestle-მ, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობის გამო შიდა მოკვლევა დაიწყეს. შედეგად, P&G-მ არხთან სარეკლამო კავშირი უკვე სრულად გაწყვიტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
ამერიკულმა კორპორაცია Procter & Gamble-მა, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Gillette, Pampers, Ariel, Pantene და Head & Shoulders, თებერვალში დაწესებული სანქციების მიუხედავად, „იმედში“ რეკლამების განთავსება გარკვეული პერიოდი გააგრძელა. თუმცა, შიდა მოკვლევის დასრულებისთანავე, 22 ივნისს, კორპორაციამ თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტა.
„P&G კანონს იცავს ყველა ბაზარზე... ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი, თუმცა, საკუთარი ინიციატივით შევცვალეთ მიდგომა და საქართველოში TV „იმედის“ ეთერში რეკლამების განთავსება შევაჩერეთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რაც შეეხება Nestle-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კომპანია იმ დასავლურ ბრენდებს შორის დაასახელა, რომლებიც სამთავრობო პროპაგანდისტულ არხზე პროდუქციის (მათ შორის Nescafe და Nesquik) რეკლამირებას აგრძელებდნენ.
ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო, რომელსაც კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიან გეილი და ლონდონის იურიდიული გუნდის წევრი მარკ მორის-ჯონსი უძღვებიან. შვეიცარიული კომპანიის სპიკერის თქმით, ისინი „იცავენ ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას“. აღსანიშნავია, რომ „შპს ნესტლე საქართველოს“ გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.
დიდმა ბრიტანეთმა „იმედსა“ და „პოსტივის“ ფინანსური სანქციები 24 თებერვალს დაუწესა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ტელევიზიები ქართულ აუდიტორიაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ შეცდომაში შემყვან და პროპაგანდისტულ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ. კერძოდ, ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ტელევიზიები რეგულარულად ავრცელებენ ნარატივს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტი“ და კორუმპირებული ქვეყანაა, დასავლეთი და უკრაინა კი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ. აღნიშნული პოლიტიკა ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „იმედის“ დასანქცირებისთანავე მასთან კავშირი გაწყვიტა BBC-მ და გააუქმა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ლიცენზია.
მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ ტელეკომპანიებს პრობლემები არ შეექმნებათ. „გაძლევთ გარანტიას, რომ არც „იმედს“ და არც „პოსტივის“ არ შეექმნებათ არავითარი პრობლემა ფუნქციონირების კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.
2026 წლის პირველ კვარტალში „იმედის“ კომერციულმა შემოსავალმა 10.8 მილიონი ლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6.1 მილიონი იყო). არხის უმსხვილეს დამკვეთებს შორის არიან კომპანიები: „მეამა“, სამშენებლო ფირმა „ანაგი“ და სასტუმრო კომპლექსი „ავენიუ ბაი ორბი“, რომელთაგან თითოეულმა მხოლოდ წლის დასაწყისში „იმედის“ ეთერში 500 000 ლარზე მეტი დახარჯა.
