პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა იარაღის საქმესთან კავშირს უარყოფენ

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები პაატა ბურჭულძე და მურთაზ ზოდელავა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, „ტყეში აღმოჩენილი იარაღის“ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ პროკურატურა ცდილობდა, პაატა ბურჭულაძისგან ინფორმაცია გამოეძალა.

„გვკითხეს, იცნობს თუ არა ერთ-ერთ პირს, გვქონდა თუ არა მასთან კავშირი, ვუპასუხეთ რომ არ ვიცნობთ და კავშირი არ გვქონია. იცოდა თუ არა ჩამარხული იარაღის შესახებ ინფორმაცია, ვუპასუხეთ რომ არ ვიცოდით. მოგეხსენებათ პაატა ბურჭულაძე პროფესიით ისეთი ადამიანია, რომ ჯიბიდან არ ისვრის.

აქ მთავარი ისაა, რომ მათ იცოდნენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი მათთვის არავითარი შედეგის მომტანი იქნებოდა, მათი რეალური მიზანი იყო მოეტყუებინათ ბურჭულაძე. ცდილობდნენ, რომ პაატა ბურჭულაძისგან გამოეძალათ ინფორმაცია, თუ რას და ვის აორგანიზებდა, ყველაფერზე შესაბამისი პასუხი მიიღეს. ჩვენთვის უცნობია ბრალდების მხარის ვერსია ან დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც პაატა ბურჭულაძე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოჰკითხეს, „ვითომ ოპერატიული პატაკია“.

„ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფაბრიკირებული ჩანაწერი, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ამ სავარაუდო კავშირის საფუძველი და ამის გამო, შეიძლება მოეყვანათ აქ ეს მოწმეები. ოღონდ ეს ჩემი ვარაუდია. საქმის მასალებს არ ვიცნობ“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ჟურნალისტებთან კომენტარი მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამაც გააკეთა. მისი თქმით, გამოკითხვა გაგრძელებაა „ხელისუფლების უსუსური პროპაგანდის“, რომ ე.წ. იარაღების საქმე ზოდელავას დაუკავშირონ.

„ეს კავშირი არ გამოვა. [...] იმას, რაზეც სუს-ი საუბრობს, არანაირი კავშირი მურთაზ ზოდელავასთან არ გააჩნია“, - განაცხადა ბასილაიამ.

5 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისთან ახლოს, ტყეში, აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით, რომლის გამოყენებითაც 4 ოქტომბერს დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.

საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს ბექა ჭულუხაძეს.

როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ თქვა, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები ჭულუხაძემ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით შეიძინა.

პროკურატურის თანახმად, შეძენილია ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ბექა ჭულუხაძეს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

ამ საქმესთან დაკავშირებით სუს-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი გამოჰკითხეს. ნადარეიშვილის თქმით, მას ჰკითხეს, იცნობს თუ არა ბექა ჭულუხაძეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.