ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს. მანქანის უკანა საქარე მინა ქვით არის ჩამსხვრეული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 5 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
მალხაზ მაჩალიკაშვილი მომხდარს საკუთარ საჯარო საქმიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ეს მისი დაშინებისა და გამწარების მიზნით განხორციელებული ქმედებაა.
„პოლიციის დანაშაულებრივ სისტემაზე 2 დღის წინ სატელევიზიო ეთერში ვისაუბრე. დღეს, დაახლოებით 17:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მანქანა დამიზიანეს. განზრახ აქვს ქვა ნასროლი და შუშა ჩამსხვრეული. ეს ჩემი გამწარების მიზნით არის გაკეთებული. გულგატეხილი, ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, ცეცხლიც რომ წაეკიდებინათ, არ ვინერვიულებდი.
სამწუხაროდ, ხეობაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩემი გამოსვლები, ჩემი მტკიცე პოზიცია და წინააღმდეგობა არ მოსწონთ, რასაც ისევ სისტემის დავალებით აკეთებენ“, - განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „საქართველოს ამბებს“.
მალხაზ მაჩალიკაშვილს მომხდართან დაკავშირებით პოლიციისთვის არ მიუმართავს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს. ტყვია მას თავში ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლანს და კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დაჭრილი ახალგაზრდა 2018 წლის 10 იანვარს, ბრალის წაყენების გარეშე გარდაიცვალა.
საქმეზე დანარჩენი დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. პროკურატურა სპეცოპერაციის დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებდა, თუმცა 2020 წლის 25 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა. 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველის მოთხოვნა გამოძიების განახლების შესახებ პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. მალხაზ მაჩალიკაშვილი წლების განმავლობაში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდა და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა.
2023 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში და მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის მარტში საქართველოს მოუწოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფად განეხილა მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტისთვის, ასევე, გარდაცვლილის ოჯახისთვის, გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
იმავე წლის ივნისში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მაჩალიკაშვილის საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი თქვა იმ საბაბით, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში.
