„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შლავა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას „ექსტრემიზმში“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ქართული სახელმწიფო“ მის დასანქცირებაზე „ზრუნავს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე, რომლითაც ევროპარლამენტარმა ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარია დააკავეს.
„ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც თავისუფლი რჩებოდა. ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება!“, - დაწერა ევროპარლამენტარმა პლატფორმა X-ზე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თავად ელენე ხოშტარიაა.
„ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული. ქართული სახელმწიფო ამ სანქციებზე ზრუნავს. იცით, რომ მის მიმართ არაერთი ადმინისტრაციული წარმოება იყო ასეთი ექსტრემისტული ქმედებების გამო და გუშინწინ იყო, თუ არ ვცდები, ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, არის სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ“, – უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ და პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერებზე „რუსული ოცნების“ და „რუსის“ დაწერის გამო დააკავა. პროკურატურას მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენია.
ხოშტარიამ 14 სექტემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წერს მელიქიშვილის გამზირზე, კლაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ბანერზე „რუსულ ოცნებას“. მოგვიანებით მან ერთ-ერთი ბანერის ფოტოც გამოაქვეყნა სათაურით „სოლიდარობა მეგის!“.
რამდენიმე დღით ადრე, კალაძის ბანერების დაზიანერბის ბრალდებით 23 წლის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავეს. სასამართლომ ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, რომლის საფუძველზეც ხოშტარია და დიასამიძე დააკავეს, გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 5 წლამდე.
პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალს დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.
