პაპუაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. დელეგაციას არ შეხვდებიან არც საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პაპუაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს დელეგაციის ზოგიერთი წევრის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლის, ჟიგიმანტას პავილიონისის „არამეგობრულ დამოკიდებულებას“. როგორც პაპუაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, „რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფს“ სწორედ „პავილიონისმა მოუყარა თავი“.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ ვუპასუხებ. საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს“, - განმარტავს პაპუაშვილი.

ის ევროპელ კოლეგებს „ევროპის სახელით არეულობის დათესვაში“, არჩევნებში ჩარევასა და საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფაშიც ადანაშაულებს.

„საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას, რაც უხეშად იყო უგულებელყოფილი. არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში, განსაკუთრებით კი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში უშუალო მონაწილეობით, ამ პოლიტიკოსებმა უხეშად დაარღვიეს ჩაურევლობის პრინციპი, რაც გაეროს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაა, და ეჭვქვეშ დააყენეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის არსი, რომლისადმი პატივისცემას, როგორც სჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. აღნიშნულმა ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, რამაც გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის აღქმა შექმნა“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

მისივე განცხადებით, რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული „ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის“ მხარდაჭერამ, საქართველოს მოსახლეობის ნდობა დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობის მიმართ „შეარყია“.

„ეს ქმედებები და არამეგობრული რიტორიკა ხელს უწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის იარაღად გამოყენების მცდელობას, რათა კიდევ უფრო წაახალისოს ოპოზიცია, შეარყიოს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და არჩევნების ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხაროს.

საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა და ქმედებები, რომელთა მომსწრენი ვართ უკანასკნელი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, აგრეთვე, ხელს უშლის საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე მიმართულ ჩვენს ძალისხმევას. შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე.

26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. არჩევნების უარყოფა და ამომრჩეველთა ასეთი ძლიერი ხმის იგნორირება ის გზაა, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში მიჰყვება და რასაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია. თუმცა, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება.

ამავდროულად, მსურს გამოვხატო პატივისცემა დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და დავუდასტურო დიალოგის გაგრძელების მზაობა საპარლამენტო დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების ფარგლებში, თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. როგორც გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელმა, მიხაელ როთმა განაცხადა, ისინი შეხვდებიან პრეზიდენტს, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე, სტუდენტებს. როთის თქმით, „სამწუხაროდ, შეხვედრა არ იქნება არც ხელისუფლების და არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.