პაპუაშვილმა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება 105 წლის წინ განხორციელებულ საბჭოთა ოკუპაციას შეადარა. მან დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას „თავისუფალ მედიასა“ ა „მართალ სიტყვაზე“ თავდასხმა უწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მე მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია და ცხადია მისი შინაარსიც. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა, შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა“, - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 25 თებერვალს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე აღინიშნება.

105 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია. თავისუფლებისთვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა. რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

გუშინ, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“ (POSTV), როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ“ ორგანიზაციებს, ფინანსური სანქციები დაუწესა.

ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად მითითებულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

სანქციების ფარგლებში, „იმედსა“ და „პოსტივის“ შეეხებათ აქტივების გაყინვა, რაც გულისხმობს სახსრებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში, ინვესტიციების აკრძალვას და საბანკო ურთიერთობების შეწყვეტის მითითებებს. დიდი ბრიტანეთში ნებისმიერ პირს ეკრძალება ფინანსური ტრანზაქციები დასანქცირებულ კომპანიებთან.

 

ამ თემაზე:

კობახიძე: „იმედში“ და „პოსტივიში“ არცერთ ჟურნალისტს არ გაუუარესდება მდგომარეობა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.