პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდეს და ამისათვის ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს. ხოშტარია მიიჩნევს, რომ კრემლი ტურიზმის ინდუსტრიის მასზე დამოკიდებულებას აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის წინააღმდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დროას“ ხუთპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს:
- სამკვირიანი ტურისტული ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის - რომელიც შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შესაძლებელს გახდის რუსეთიდან მხოლოდ მიზნობრივი სეგმენტის შემოშვებას, რუსეთის მოქალაქეების კონტროლს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
- ბიზნესის რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში. თუმცა, არსებული გამოცდილებით, ისინი კომპანიებს არეგისტრირებენ. 2022 წლის პირველ 7 თვეში, საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 403 886 ვიზიტორი. მხოლოდ 1-4 მარტს, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სახლს ბიზნესის რეგისტრაციის თხოვნით რუსეთის 201-მა მოქალაქემ მიმართა, მაშინ, როცა 2019-2021 წლებში ყოველდღიურად საშუალოდ რუსეთის 5 მოქალაქე გამოთქვამდა ბიზნესის რეგისტრაციის სურვილს. რუსეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული 13 500 კომპანიიდან დაახლოებით ნახევარი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის იურიდიული პირების რეგისტრაცია, რაც ხელს არ უშლის ტურიზმს, მაგრამ იცავს ქვეყანას რუსული ფინანსების უკონტროლო შემოდინებისაგან.
- კერძო საკუთრების რეგისტრაციის შეზღუდვა - ტურისტული მიზნით შემოსულ პირებს არ ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამიტომ, აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებზე შეჩერდეს უძრავი ქონების რეგისტრაცია, რაც არავითარ კავშირში არ არის ტურიზმის ინდუსტრიასთან.
- ბინადრობის უფლების შეზღუდვა - აუცილებელია, საერთაშორისო სანქციების მოქმედების პერიოდში შეჩერდეს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, რაც დააზღვევს რუსეთის მოქალაქეების უვადო ან ხანგრძლივი ვადით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის რისკს და ამასთან, არ შეამცირებს ტურისტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს.
- ტურისტული გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის - რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს საზღვარზე დაეკისროს გადასახადი 20 ლარის ოდენობით. თუ შემოსვლის მსურველ პირს, პასპორტთან ერთად, თან აქვს რუსეთის საბიუჯეტო სტრუქტურების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, აღნიშნულ პირს და თითოეულ მის თანმხლებ პირს დაეკისროს გადასახადი 100 ლარის ოდენობით, მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება საერთოდ თუ მიეცემათ. ბათუმსა და აჭარის საზღვაო დასახლებებში გადაადგილებისა და პარკირების უფლებისთვის რუსული სანომრე ნიშნის ავტომანქანამ უნდა შეიძინოს სპეციალური საშვი, რომლის შეძენაც შესაძლებელი უნდა იყოს მაღაზიებსა და ავტომატური გადახდის აპარატებში. დაწესდეს მაგალითად ერთდღიანი, სამდღიანი, ერთკვირიანი და ორკვირიანი საშვები. ერთდღიანი საშვი - 10 ლარი, სამდღიანი საშვი - 30 ლარი, ერთკვირიანი საშვი - 50 ლარი, ორკვირიანი საშვი - 100 ლარი. საპატრულო პოლიციას დაევალოს საშვების შემოწმება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც პირი უნდა დაჯარიმდეს 150 ლარის ოდენობით. შემოსული თანხა გადაირიცხოს „სახელმწიფო ფონდში,“ რომლის შემოსავლებიც იქნება გამჭვირვალე და რომელიც ყოველთვიურად თანაბრად გაუნაწილდებათ შემდეგ პირებს: აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომის ვეტერანებს; აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს; საქართველოში 2022 წლის 23 თებერვლის შემდგომ (24 თებერვლის დღიდან) შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ საარსებოდ იღებენ თანხას, ფართს ან სხვა სახის შემოწირულებასა თუ მომსახურებას;
ელენე ხოშტარიას განცხადებით, კრემლი ეკონომიკის ყველა სექტორს იმპერიალისტური მიზნების შესასრულებლად იყენებს: „საქართველოს აქვს რუსეთის მხრიდან ღვინისა და ენერგეტიკული ემბარგოს მძიმე გამოცდილება. ცხადია, რომ კრემლი ტურიზმის ინდუსტრიის მასზე დამოკიდებულებას აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის წინააღმდეგ ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის, ან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პარალელურად.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დასუსტების ფონზე, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია. ამ ფონზე, ცხადია, რომ ტურისტული საფარით ჩვენს ქვეყანაში რუსეთის უამრავი აგენტი და პროვოკატორი შემოდის. შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალების ქიმიური იარაღით მოწამვლის ავტორები, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები: რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრე პეტროვი ბრიტანეთში სწორედ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ომის ცხელი ფაზის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 31 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში წარმოადგინა ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც „მედვედევის დოქტრინის“ სახელითაა ცნობილი.
დოქტრინის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ: „რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვა, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური პრიორიტეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.
მარტივად გამოსაცნობია, როგორ შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენოს რუსეთის მოქალაქეების „ღირსების“ დაცვის არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს ხოშტარია.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაში, მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაციასა და ბინადრობის ნებართვების მოთხოვნაში.