პარტიების აკრძალვის შესახებ კანონს „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

„ლელო - ძლიერი საქართველო“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ანტიკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერებას მოითხოვს. ოპოზიციური გაერთიანების გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, სარჩელს ორშაბათს, 27 ოქტომბერს, წარადგენენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საკონსტიტუციო სასამართლო, ამ სარჩელის ფარგლებში, ვალდებული იქნება, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება და თავის მხრივ, ვერ განიხილოს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი. დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენება ახლა არის ერთადერთი სწორი ფორმა, რითაც შეგვიძლია „ქართულ ოცნებას“ ხელი შვუშალოთ“, – თქვა კუპრაძემ.

მისივე განცხადებით, „პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ აბრუნებს საბჭოთა წარსულში, ივანიშვილის „რუსულ ოცნებას“ ასრულებს და ამყარებს დიქტატურას“

გარდა ამისა, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში დავისთვისაც ემზადება. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ კანონი „პირველ რიგში ლახავს ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“.

„განსაკუთრებით აბსურდული და ანტიდემოკრატიულია კანონპროექტი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლს და საერთაშორისო ნორმებს.

პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს (გაერთიანების თავისუფლება) ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება - თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს. 

პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას. საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება აუკრძალოს მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობა“, – განაცხადეს „ლელო - ძლიერ საქართველოში“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 16 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებით, პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს. კერძოდ, ასეთი პირები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები, ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასა და აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.

ამასთან, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენს შეეძლება მოითხოვოს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, ასევე, შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვა.

„ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ათამდე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს მომავალ კვირაში წარადგენს. სარჩელს საფუძვლად დაედება „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხება. თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედი კომისია „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობითაც დაინტერესდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.