ფაშინიანი ერდოღანს შეხვდება ორმხრივი ფორმატის ფარგლებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. იშვიათი ორმხრივი ფორმატით, რომელიც თურქეთში 20 ივნისს შედგება, ფაშიანიანი იმედოვნებს, რომ დაალაგებს თურქეთთან გართულებულ ურთიერთობებს და ხელახლა გახსნის საერთო სახმელეთო საზღვარს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ეს „ისტორიული“ ვიზიტი პირველი შემთხვევაა, როდესაც ფაშიანიანი თურქეთში ასეთი დონის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, შეხვედრა გარკვეულწილად შეეხება აზერბაიჯანთან ახალი დაპირისპირების რისკის აღმოფხვრას.

საუბარი ასევე შეიძლება შეეხოს ირან-ისრაელის კონფლიქტსაც და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას ირანიდან, რომელიც ორივე სახელმწიფოს ესაზღვრება.

ფაშიანიანი ანკარასთან და ბაქოსთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. ამ წლის დასაწყისში მან თქვა, რომ სომხეთი აღარ მოითხოვს ანატოლიის სომხური მოსახლეობის განადგურების საერთაშორისო აღიარებას გენოციდად. 

სომხეთს სურს თურქეთის საზღვრის ხელახლა გახსნაც და, ამ მიზეზით, გასულ წელს გამშვები პუნქტიც განაახლა.

ფაშიანიანის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ერდოღანთან შესახვედრად თურქეთს ეწვევა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.

სომხეთსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ. მეზობელ ქვეყნებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე, მათ შორის, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, სომხეთი, ისევე როგორც მრავალი დასავლური სახელმწიფო, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს. თურქეთი ასეთ შეფასებას არ ეთანხმება. გარდა ამისა, თურქეთი აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა - 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, თურქეთმა აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი, რომელიც მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად გაიხსნა.

თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერდა 2020 წელს, ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროსაც.

ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება 2021 წელს დაიწყო. 2022 წლის მარტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე ჩავიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სომხეთის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი იყო თურქეთში. იმავე წლის ოქტომბერში, პრაღაში, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ფაშინიანი 2023 წელს იყო თურქეთში ერდოღანის ინაუგურაციაზეც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.